მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს 11:00 საათზე გაიხსნა. მოსახლეობა ახალი მეტროსადგურით სარგებლობას საღამოს საათებიდან შეძლებს.
დღეისათვის, თბილისის მეტროთი 350-400 ათასი ადამიანი მგზავრობს. ახალი სადგურის ამუშავება კი დღეში დამატებით 15 ათას ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილზე მისვლას."უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე განთავსდა.
მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. სალონში არსებული ძველი სანათების ადგილას, ახალი, დიოდური სანათები დამონტაჟდა, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. ვაგონებში კი, შიდა და გარე დაკვირვების, ასევე, ბაქანის საკონტროლო კამერები დამონტაჟდა. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასამუხტი USB ჩამრთველი. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა და ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.