ჩვენი რესპონდენტი, ანა შიხიაშვილი, მარტში BEAUTY-სპეციალისტების საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის სტატუსით მიემგზავრება. 2016 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ნომინაციაში „ფანტაზიური ფრჩხილი“. 2019 წელს ანა „საქართველოს სალონთა ფედერაციის“ კონკურსის გამარჯვებული გახდა, 2020 წელს კი საკუთარი სალონიც კი გახსნა, სახელწოდებით „ანა შიხიაშვილი BEAUTY SPACE“. ამ და სხვა მრავალ წარმატებაზე სასაუბროდ ანას სალონში ვეწვიეთ.
ანა, როგორ გახდით Nail არტისტი?
მას შემდეგ, რაც გელი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ფრჩხილზე შეიძლება ყველაფრის შესრულება, შემოქმედებითობის საშუალება მომეცა. ეს ხელოვნებაა... მე მოყვარული მხატვარი ვარ, ასე რომ ჩემი არჩევანი ნაწილობრივ მხატვრობისკენ მიდრეკილებამაც განაპირობა.
თვითნასწავლი ხართ?
არა, ჯერ „პივოტ პოინტის“ კურსი გავიარე, მოგვიანებით კი, ცოდნის გაღრმავების მიზნით, უცხოეთში გავემგზავრე. რამდენიმე წელია რეგულარულად ვესწრები ტრენინგებს, სემინარებსა და გამოფენებს საზღვარგარეთ.
რატომ გადაწყვიტეთ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა?
2013 წელს როცა „საქართველოს სალონების ფედერაციის“ მიერ Beauty artist-ებისთვის მოწყობილ კონკურსს დავესწარი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრჩხილის 3D და 5D-დიზაინებმა. ახალი კუთხით დავინახე საკუთარი პროფესია და გადავწყვიტე, როცა შესაბამისი კვალიფიკაცია მექნებოდა, აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა მსგავს შეჯიბრებაში. ამ მოტივით, 2016 წელს გავემგზავრე OMC-ის ჩემპიონატზე, რომელიც თმის, ვიზაჟისა და მანიკიურის სპეციალისტებისთვის ტარდება. ჩემმა ნამუშევარმა საპრიზო ადგილი #2 დაიკავა. მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელმაც აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა. ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდი კომპოზიციაზე. მონაწილეებს მხოლოდ გელისა და შილაკის გამოყენების უფლება გვქონდა. ღონისძიებაზე შენს მოდელს წინასწარ გამზადებულ ფრჩხილებს ამაგრებ. ჩემპიონატი, „ფანტაზიური ფრჩხილის“ გარდა, სხვა ნომინაციებსაც მოიცავს, მაგალითად, - „კლასიკური მანიკიური“. ამ შემთხვევაში, კონკურსანტებს ეძლევათ 40 წუთი ლაქის ადგილზე წასასმელად. მე „კლასიკური მანიკიურით“ არასოდეს დავინტერესებულვარ, რადგან „ფანტაზიური ფრჩხილი“ უფრო შემოქმედებითია. რა თქმა უნდა, არავინ გამოიყენებს ამ კომპოზიციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის შანსი, სრულად გამოავლინო შენი ნიჭი და შესაძლებლობები.
როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევარი მსოფლიო ჩემპიონატზეც წარადგინეთ...
2017 წელს მონაწილეობა მივიღე Beauty-სპეციალისტების მსოფლიო ჩემპიონატში, თუმცა ვინაიდან კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, საპრიზო ადგილი ვერ დავიკავე. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდილება: გავეცანი მსოფლიო ტრენდებს, ფრჩხილზე მუშაობის სხვადასხვა ახალ ტექნიკას, გავიცანი პროფესიონალები და დავაკვირდი მათი მუშაობის სტილს. ზოგჯერ, მართლაც, მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება.
აღნიშვნას იმსახურებს 2019 წელს საქართველოს „სალონთა ფედერაციის“ კონკურსში თქვენი გამარჯვება...
„საქართველოს სალონთა ფედერაციამ“ 2019 წელს ჩაატარა რიგით მეორე კონკურსი Beauty-არტისტისტებისთვის. ეს იყო არაჩვეულებრივი შანსი, ჩემი ქვეყნის ასპარეზზე გამომეჩინა თავი. დავიკავე პირველი ადგილი. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას Nail Art-ის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი უარყოფითი ნიუანსი: გიწევს გაიღო კოლოსალური რესურსი − დრო, ენერგია, ფინანსები, თუმცა შედეგს გვიან აღწევ.
ცოტა ხნის წინ OMC-იმ ახალი ამპლუა შემოგთავაზათ. სიამოვნებით დათანხმდით ჟიურის წევრობას თუ ორჭოფობდით?
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ფრჩხილის პირველი ქართველი სპეციალისტი, რომელიც OMC-ის ჩემპიონატზე ჟიურის პოზიციას დაიკავებს, ასე რომ სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას. ვფიქრობ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება, ასევე ჟიურის წევრობა იმავე კონკურსში, ერთგვარი გარღვევაა. ახლა ქართველი Beauty-არტისტებისთვის გამარჯვება გამარტივდება. მონაწილეები უფრო ინფორმირებულები იქნებიან და ტრენდებსა თუ ჩემპიონატის მოთხოვნებს ფეხს აუწყობენ. 5 მარტს მივფრინავ, ღონისძიების გახსნამდე სპეციალური ტრენინგია ჩანიშნული ჟიურის წევრებისთვის.
როგორი ლაქი მიიჩნევა ტრენდულად 2020 წელს?
მოდაშია ნუშის ფორმის ფრჩხილები, იმიტომ, რომ ბუნებრივად გამოიყურება. მტევანს სძენს სიგრძესა და სინაზეს. რაც შეეხება მანიკიურს, სადა, ნაკლებად თვალშისაცემი ფერები უნდა შეარჩიოთ. მიუხედავად ტრენდისა, მე ყოველთვის ვთავაზობ ჩემს კლიენტებს ფრჩხილზე დიზაინს, რათა საკუთარი ხელი დავატყო ნამუშევარს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს სალონში უმეტესწილად შილაკის გასაკეთებლად მოდიან.
არსებობს მოსაზრება, რომ შილაკი მავნეა ჯანმრთელობისთვის. ეს მითია?
სხვადასხვა ხარისხის შილაკი არსებობს, თუმცა ჯანმრთელობისთვის არცერთია მავნებელი. უბრალოდ, უხარისხო შილაკი არ გაგიძლებს დიდხანს. რაც შეეხება საშრობის ულტრაიისფერ სხივებს, დასხივება იმდენად მცირეა, რომ მზეზე ორი წუთით მიფიცხებას უდრის.
მაკიაჟის კეთება როგორ დაიწყეთ?
როდესაც მოდელს ჟიურის წინაშე წარსადგენად ამზადებ, ვარცხნილობაც უნდა გაუკეთო და მაკიაჟიც. საჭიროებიდან გამომდინარე შევისწავლე ვიზაჟი, მინდოდა ჩემს მოდელზე თავად მეზრუნა. რთულია აუხსნა სხვა ადამიანს, როგორ წარმოგიდგენია კონკრეტული make up, ამიტომ სჯობს თავად შეასხა ხორცი შენს ჩანაფიქრს.
დაბოლოს: რას ურჩევდით დამწყებ nail artist-ებს?
უპირველესად, წარმატებას ვუსურვებ მათ. ვურჩევდი, არ შეწყვიტონ განვითარება და მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე.