ჩანთების ქართული ბრენდი BEGGHURA არც ისე დიდი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ძალიან მალე იქცა თითოეული ქალბატონისთვის სასურველ აქსესუარად. ბრენდი გვთავაზობს ძალიან საინტერესო და განსხვავებული სტილის ჩანთებს, რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ ხელს უწყობენ. OK! ბრენდის დამფუძნებელს, გვანცა გიგნაძეს ესაუბრა.
როდის შექმენით ბრენდი და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ დამეარსებინა საკუთარი ბრენდი. ეს იდეა ეკუთვნის ჩემს მეუღლეს და სახელი BEGGHURA-ს ავტორიც სწორედ ის არის. BEGGHURA-მ მოკლე დროში პოპულარობა მოიპოვა და ბევრი ქალბატონისთვის ჩვენი ჩანთები სასურველ აქსესუარად იქცა.
რა არის თქვენი ჩანთებისთვის დამახასიათებელი ნიშანი? რა გამოარჩევს მას სხვა ქართული ბრენდებისგან?
ჩვენი ჩანთები არის 100%-ით ხელნაკეთი. თითოეული მათგანის დიზაინზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, მუდმივად განსხვავებული, კომფორტული და ამავე დროს „გაპრანჭული“ სტილის ჩანთები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ჩვენს ჩანთებს გამოარჩევს, არის დეტალები, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. შემიძლია გამოვარჩიო ჩვენი ჩანთა „საქართველოს რუკით“, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა და რომლითაც ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ეს მოდელი საუკეთესო საჩუქარია უცხოელი მეგობრებისთვის.
რომელ მასალებს იყენებთ ჩანთების დასამზადებლად?
BEGGHURA-ს მთავარი მიმართულება არის ნაქსოვი ჩანთები, შემდეგ უკვე ხდება დეტალებზე მუშაობა, რომლისთვისაც ვიყენებთ ორგანულ მინას, ხეს, ძვირფას ქვებს, მარგალიტებს და სხვადასხვა ქსოვილს. ხარისხი ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
სადაა შესაძლებელი თქვენი ჩანთების შეძენა?
ჩანთების შეძენა ძირითადად ონლაინ ხდება, ჩვენს პირად FACEBOOK და INSTAGRAM-გვერდებზე.
INSTAGRAM: BEGGHURA
FACEBOOK: BEGGHURA
სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.
BEGGHURA მუდმივად ვითარდება. ვცდილობთ ყოველ ჯერზე რაიმე ახალი და განსხვავებული შევქმნათ. სწორედ ამიტომ, დიდი მოწონება დავიმსახურეთ ქართულ ბაზარზე. ასევე აღსანიშნავია, რომ BEGGHURA-ს ჩანთებს ატარებენ როგორც ევროპის ქალაქებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმაც ეს არის, რომ უფრო ფართოდ გავიდეთ უცხოელ მომხმარებელზე.