OK!-ის სტუმარი ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივ რეალიზებული არქიტექტორ-დიზაინერი თამარ კიკალეიშვილია, რომელიც სრულყოფილად დაეუფლა ამ პროფესიას და ახლა უკვე სხვებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას. როგორც თავად გვიამბობს, ინტერიერის დიზაინერს სჭირდება წარმოსახვის უნარი, რომ შეძლოს კონკრეტული ნივთის მრავალმხრივი აღქმა. ეს არის უნარი, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა. მაშ ასე, რას მოიცავს ჩვენი რესპონდენტის საქმიანობა, საიდან მოდის იდეები, ინსპირაცია? რა უნარები უნდა ჰქონდეს დამწყებ არქიტექტორ-დიზაინერს და კიდევ სხვა საინტერესო თემები წაიკითხეთ ინტერვიუში.
რამდენი ხანია, რაც ამ მიმართულებით მუშაობთ და რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
მე ვარ არქიტექტორ-დიზაინერი, საქართველოს დიზაინერთა კავშირის ხელმძღვანელი და ამავდროულად, ვმუშაობ კერძო დაკვეთებზე. განათლება ჯერ საქართველოში მივიღე არქიტექტურის მიმართულებით, შემდეგ კი საფრანგეთში გავაგრძელე სწავლა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში არქიტექტორად და ინტერიერის დიზაინერად ვმუშაობდი.
ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად, 2013 წელს ჩამოვაყალიბე დიზაინერთა კავშირი. იმ დროისთვის საქართველოში ინტერიერის დიზაინი ნაკლებად განვითარებული პროფესია იყო. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ გემოვნებიანობა საკმარისი იყო იმისათვის, ადამიანს ინტერიერი თავისი შესაძლებლობებით შეექმნა. დიზაინერთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზანი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში იმ აზრის ჩამოყალიბება, რომ ინტერიერის დიზაინერობა არ არის მხოლოდ გემოვნება და ეფუძნება ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამ მიზნით ტარდებოდა და დღემდე ტარდება სხვადასხვა ვორქშოფი, ლექციები, რომლებსაც თვითონ ვუძღვები, ასევე ჩემი სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ვიწვევ ქართველ დიზაინერებს და ჩამომყავს კოლეგები უცხოეთიდან. ჩვენს ლექციებზე დასწრება და ამ სფეროში ცოდნის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის ბავშვებსაც), რომელსაც შესაძლოა არ აქვს მიღებული შესაბამისი განათლება, მაგრამ სურს მეტად გაერკვიოს ინტერიერის დიზაინში. ასევე ყოველთვის მოხარული ვარ იმით, რომ წლების განმავლობაში დაგროვილ საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ უკვე ჩამოყალიბებულ დიზაინერებსაც. ახლო მომავალში ასევე ვაპირებ გავაკეთო ონლაინკურსები და მოცემულ სიტუაციაში შინ დარჩენილ ადამიანებს მივცე დროის ეფექტურად და სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში იმედის ეთერში მიმყავდა რუბრიკა „დიზაინი“, სადაც ასევე ჩემი მიზანი იყო, მაყურებლებისთვის მესწავლებინა, თუ რას წარმოადგენს ინტერიერის დიზაინერი და რატომ არის აუცილებელი მისი ჩართულობა. სამწუხაროდ, მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინერის დაქირავება ფუფუნებაა და ამით სიამოვნების მიღება მხოლოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე პირებს შეუძლიათ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის – ნებისმიერ ადეკვატურ ბიუჯეტში შესაძლებელია საკმაოდ ეფექტური ინტერიერის შექმნა. ზუსტად იმისათვის, რომ ბიუჯეტი სწორად გადანაწილდეს, გაკეთდეს სწორი აქცენტები და მივიღოთ მცირე ბიუჯეტით შესანიშნავი შედეგი, არსებობენ ინტერიერის დიზაინერები. ინტერიერის დიზაინერი არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამაში აკეთებს პროექტებს – ის ბოლომდეა ჩართული საქმეში, უწევს მეთვალყურეობას რემონტის მიმდინარეობას მის დასრულებამდე.
როდესაც საქმიანობას ვიწყებ ნულიდან და შევდივარ ცარიელ ობიექტზე, საქმე მიმყავს ბოლომდე – დაწყებული რემონტიდან, დამთავრებული გაფორმებითა და აქსესუარებით. მე მყავს ჩემი სარემონტო ჯგუფი, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული, რომელთაც ბოლომდე ვენდობი. ეს ძალიან გვიადვილებს საქმის სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი საქმიანობა მხოლოდ იდეის ჩამოყალიბებით და პროექტის შექმნით არ შემოიფარგლება − ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რის შემდეგაც შემოდის სარემონტო ჯგუფი, რომელთაც ზედამხედველობას ვუწევ რემონტის დამთავრების ბოლო წუთამდე.
როგორია დამკვეთთან ურთიერთობის პროცესი?
ჩემთვის იდეა იწყება ადამიანიდან. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ვფიქრობ, საცხოვრებელი სახლიც მის ხასიათს და პიროვნებას წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე, დამკვეთთან ჩემი ურთიერთობა იწყება მისი პიროვნების, ხასიათის გაცნობით, მისი სურვილებისა და მოთხოვნების შესწავლით. ამ ყველაფრის შემდეგ ხდება კონკრეტული იდეის ჩამოყალიბება. ჩემთვის სტილის კონკრეტული მიმართულება არ არსებობს, მთავარია გათვალისწინებული იყოს დამკვეთის სურვილი და მოერგოს მის პიროვნებას.
ჩემთვის ძალიან აზარტულია იმის ამოცნობა, თუ რა სურს ადამიანს, რადგან ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს ჰგონია, რომ იცის რაც სურს, აქვს გარკვეული წარმოდგენები, მაგრამ ვერ ახერხებს მათ განხორციელებას და არ იცის, როგორ გააერთიანოს იდეები. ამ ყველაფრის შეჯამება და მისთვის ისეთი პროექტის შეთავაზება, რომელიც აღაფრთოვანებს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
რამდენად მიყვებით ტენდენციებს?
რაც შეეხება ტენდენციებს, რა თქმა უნდა, ვადევნებ თვალყურს. არსებობს ყოველწლიური გამოფენები მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქვეყანაში, რომლებსაც ყოველთვის ვცდილობ, დავესწრო და გავეცნო ყველა ტენდენციას − იქნება ეს ავეჯი, განათება თუ ზოგადად, ტრენდული სტილი. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მუდმივად ვეცნობი, რადგან ეს დიზაინერებისთვის გარკვეული შთაგონების წყაროა. თუმცა ამ ყველაფრის ზუსტ კოპირებას არ ვახდენ და ვცდილობ მოვარგო იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ხშირად სხვა ქვეყანაშიც მიწევს მუშაობა და მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო თავისი გემოვნებით და მოთხოვნებით, ფეხდაფეხ მიყვება იმ მსოფლიო ტენდენციებს, რომლებიც შემოდის.
თუ ვახსენებთ იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოფენას – salone del mobile, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა ტენდენციაა წარმოდგენილი, ჩვენი დამკვეთებიც ფეხდაფეხ მიყვებიან ამ ტენდენციებს და ამიტომ გვიადვილდება, თამამად შევთავაზოთ მათ ეს სიახლეები.
ამოჩემებული სტილი არ მაქვს. ერთადერთი, რაც ძალიან მაინტერესებს და მომწონს, არის ძველ ნაგებობაზე მუშაობა, როდესაც შესაძლებელია ძველი სტილის შენარჩუნება. ასეთ ობიექტებზე მუშაობა საინტერესოა, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ რთულია ხაზი გაუსვა იმ სიძველეს, რაც გვაქვს და შემოიტანო თანამედროვე ელემენტებიც.
ძირითადად, რა ტიპის სივრცეებთან გიწევთ მუშაობა?
ბოლო წლებში ძირითადად მუშაობა მიწევს კერძო სახლებზე, სასტუმროებზე, მაღაზიებზე და მის ვიტრინებზე. ვიზუალური მერჩენდაიზინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო სფეროა. ეს არის ინტერიერი, რომელიც არაა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე ან ოჯახზე მორგებული, არამედ უნდა იყოს ისე გაფორმებული და მოწყობილი, რომ ამ ინტერიერმა რომელიღაც ნივთი გაყიდოს.
საიდან მოდის იდეები? რა შეიძლება იყოს თქვენი ინსპირაციის წყარო?
ერთადერთი ჩემი ინსპირაციის წყარო არის ადამიანი, რომლისთვისაც იქმნება ინტერიერი. ინტერიერი უნდა იწყებოდეს ადამიანიდან და არა ნივთიდან, რადგან იქმნება იმისთვის, რომ მან იგრძნოს თავი კომფორტულად. როდესაც ვხვდები ადამიანს, რომლისთვისაც უნდა ვიმუშავო და ვეცნობი მის ხასიათს, გონებაში მიტივტივდება ადრე ნანახი და დამახსოვრებული ძალიან საინტერესო ელემენტები, რომლებიც გონებაში მაქვს შენახული კონკრეტული მომენტებისთვის.
რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს? რა უნარები უნდა ჰქონდეთ მათ?
როგორც დასაწყისში ვთქვი, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვაწყობთ ლექციებს, ასევე ახლო მომავალში დაინტერესებული პირებისათვის შეიქმნება ონლაინპლატფორმა, სადაც შეეძლებათ გაიარონ კურსები და მიიღონ ცოდნა ამ საკითხზე. მიმართულება, რომელიც ჩვენთან არ არის განვითარებული და რომლის ონლაინკურსის შექმნაც მსურს, არის ვიზუალური მერჩენდაიზინგი, ანუ ინტერიერები, რომლებიც იქმნება მაღაზიებისთვის, ეწყობა შოურუმები და ა.შ. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური და საინტერესო სფერო, რომელიც ცალკე სპეციალობად შეგვიძლია გამოვყოთ.
რაც შეეხება დამწყებებს, უნდა ითქვას, რომ ინტერიერის დიზაინერობა არ არის ისეთი სფერო, რომლის ერთ თვეში სწავლაც შეიძლება. მართალია არსებობს გარკვეული კურსები, თუმცა ეს არაა საკმარისი. ვერცერთი სპეციალობის ადამიანი ერთ თვეში ვერ გახდება ინტერიერის დიზაინერი. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ეტაპების გავლა. მაგალითად, უპირველესად, უნდა ვისწავლოთ სივრცის აღქმა, დაგეგმარება. ეს ისეთი საკითხებია, რომლის სწავლაც ადამიანს შეუძლია, თუმცა არსებობს უნარები, რომელიც არ ისწავლება. მაგალითად, ფერების აღქმა. ზოგიერთი ადამიანი რომელიღაც ნივთს ხედავს სიბრტყეში, ხოლო ინტერიერის დიზაინერს სჭირდება წარმოსახვის უნარი, რომ შეძლოს კონკრეტული ნივთის მრავალმხრივი აღქმა. თუ ადამიანს ეს ხედვა აქვს და შეუძლია მოცულობით დაინახოს ყველაფერი, მას შეუძლია აღიქვას, ცარიელი სივრცე მომავალში როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს. ეს არის უნარი, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა.