მსოფლიოში განსაკუთრებულად აღიარებულ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და კომპოზიტორ, დირიჟორ და ერუდიტ მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველის მეგობრობა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ახალი, ერთობლივი, პროექტის ძიების დროს, საუბარი ისეთ გენიოსებზე დაიწყეს, როგორიცაა ჩარლი ჩაპლინი და ენიო მორიკონე − საოცარ ადამიანებზე, რომელთა მუსიკაც არ ჩამოუვარდება კლასიკური რეპერტუარის შედევრებს. მსჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს საწყისი ახალ პროექტად ექციათ და ინსპირაციამაც არ დააყოვნა. „ნიკამ შემომთავაზა ჩაგვეწერა ალბომი, რომელში შესული თითოეული მელოდია მიეძღვნებოდა კონკრეტულ ქალაქს“, − იხსენებს ლიზა ბათიაშვილი.
ასე დაიბადა „დოიჩე გრამაფონის“ ალბომი City Lights, რომლის სახელწოდება ჩაპლინის მიერ 1931 წელს გადაღებული ფილმიდან აიღეს. ლიზა ბათიაშვილის შესრულებით და ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური ხელმძღვანელობით შექმნილი ალბომი, რომელშიც ხდება სხვადასხვა ჟანრის გადაკვეთა, მოგონებების გაცვლა, ადგილმდებარეობის, ჟღერადობისა და მუსიკის შერწყმა, რაც მძლავრ და შთამბეჭდავ ეფექტს იწვევს, ქართველი არტისტების ერთ-ერთ ყველაზე პერსონალურ და ძვირფას პროექტად იქცა. პროგრამაზე მუშაობა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა, საწყისი კომპოზიციისთვის კი ჩაპლინის განუმეორებელი ჰანგები შეარჩიეს.
მიუხედავად ნიკოლოზ რაჭველის მრავალწლიანი და საყოველთაოდ აღიარებული გამოცდილებისა, ვერსიების ავტორისა და კომპოზიტორის რანგში, მისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა მევიოლინე მეგობრისთვის და ბერლინის სიმფონიური ორკესტრისათვის სრულიად ორიგინალური ვერსიების შექმნა და სწორედ ალბომის პირველი ნომრის რეპეტიციის დროს გახდა ნათელი, თუ როგორი გამოდიოდა სრული პროექტი. „ეს გახლდათ ძიების გასაღები“, − იხსენებს ლიზა, − „და შემდეგ გაჩნდა ამბიცია, ვყოფილიყავით კრეატიულები თითოეული ქალაქის მუსიკის მიმართ, შეგვექმნა განსაკუთრებული ვერსია თითოეული მათგანისთვის“.
პარიზისადმი მიძღვნილი კომპოზიციის შემთხვევაში, ისტორია ასეთია: ლიზას მეუღლე ფრანგია, მიშელ ლეგრანის მუსიკას კი ბავშვობიდან უსმენს. თემების შერწყმა სრულიად იდეალურია და მევიოლინეს პირად ისტორიას ასახავს. „ლიზას მეუღლე ფრანსუა ლელუ არაჩვეულებრივი ჰობოისტია. სწორედ ამიტომ, ორ თუ სამ ეპიზოდში ვიოლინოსა და ჰობოის ერთგვარი დუეტი ჟღერს. ეს პატარა საიდუმლოა... თუმცა ახლა უკვე ყველამ გაიგო!“ − ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
ბერლინს მრავლობითი ფერები ახლავს. რადიოს ხმების გამოყენებამ მას განსაკუთრებული შეგრძნება შესძინა. იგრძნობა ქალაქის ისტორიაში დარჩენილი ომისშემდგომი ბნელი დეკადა. „როდესაც გიყვარს ადამიანი ან ქალაქი, რასაკვირველია, ის მთელი თავისი ისტორიით უნდა გიყვარდეს“, − ამბობს ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც კომპოზიციაში საკუთარ მუსიკასთან ერთად, მარლენ დიტრიხის სიმღერის Ich hab’ noch einen Koffer in Berlin მელოდიაც გამოიყენა. ამ კომპოზიციაში ჩნდება ალბომის პირველი სტუმარი − ბერლინში დაფუძნებული, გამორჩეული მსოფლიო რანგის მესაყვირე თილ ბრონერი. „მე არ ვცდილობ ვიყო ყალბი ჯაზმუსიკოსი და არც თილი ცდილობს უკრავდეს კლასიკურ პარტიას“, − აღნიშნავს ლიზა ბათიაშვილი, − „ნიკას მოფიქრებული ვერსიის დამსახურებით, ორივე ჩვენს ჟანრში ვრჩებით და ამით უფრო საინტერესო და ორიგინალური ხდება კომპოზიციის მრავალფეროვანი ხასიათი და ჟღერადობა“.
სხვა ქალაქებშიც გვხვდება კოლაბორაცია მსოფლიო სპექტრის არტისტებთან. ლონდონი მევიოლინეს შემოქმედებით ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. სახელი, რომელიც დაუფიქრებლად დაებადათ, ქეთი მელუაა, რომელმაც ლიზას მსგავსად, საქართველო ბავშვობაში დატოვა. „ყოველთვის, როცა მის მუსიკას ვუსმენ, ვიხიბლები მისი სინამდვილით და უბრალოებით“, − ამბობს ლიზა. ქეთისთან მოლაპარაკება ნიკას ხვდა წილად, რომელთან არაერთხელ უმუშავია გასულ წლებში. „როცა შევეხმიანე და ალბომის შესახებ ვუამბე, ქეთიმ მიპასუხა, რომ სწორედ ახლა დაასრულა სიმღერაზე მუშაობა, რომელიც ლონდონს მიუძღვნა. გადმომიგზავნა ჩანაწერი და დასძინა: „თუ შენ და ლიზას მოგეწონებათ, ბედნიერი ვიქნები, გავხდე თქვენი პროექტის ნაწილი!“ − იხსენებს ნიკა.
ბუენოს აირესის შემთხვევაში, მხოლოდ ერთადერთი იდეა განიხილებოდა − ასტორ პიაცოლას მუსიკა. ლიზა ბუენოს აირესს მხოლოდ ერთხელ ეწვია, თუმცა ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი აკავშირებს მას ამ ქალაქთან − პედაგოგი ანა ჩუმაჩენკო და დირიჟორი და პიანისტი დანიელ ბარენბოიმი. ამ ნომრისთვის ასევე საერთაშორისო ვარსკვლავი, მილოშ კარადალიცი გახდა ნიკოლოზ რაჭველის ინსპირაცია, რათა გაეერთიანებინა ვიოლინოსა და გიტარის ჟღერადობა არგენტინული ტანგოს მოტივებით.
Cinema Paradiso − ლიზას ბავშვობის გამორჩეულად საყვარელი მელოდია შეირჩა მორიკონესა და რომის წარსადგენად. ქალაქისა, რომლის ორკესტრისათვის (Orchestra dell’Accademia Nazionale di Santa Cecilia) რაჭველს უკვე შექმნილი ჰქონდა ვერსია ვიოლინოს, ჩელოსა და ორკესტრისათვის, რომელიც თავად მორიკონეს მოწონებას იმსახურებდა. ალბომში მოწვეულ მუსიკოსად ჩელისტი მაქსიმილიან ჰორნუნგი შეირჩა, რომელსაც ბათიაშვილი 9 წლიდან იცნობს. „და ამ ასაკში იგი უკვე ელგარის კონცერტს ასრულებდა“, − იხსენებს ლიზა.
მიუნჰენისთვის ბახის, ხოლო ნიუ-იორკისთვის დვორჟაკის მუსიკა შეირჩა. ვენა იოჰანეს შტრაუსის გალოპით გაცოცხლდა. ჰელსინკი და ბუქარესტი − ფოლკლორული სიმღერით. ბუქარესტისთვის ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ჩელისტმა, შტეფან კონცმა შექმნა ვირტუოზული კომპოზიცია ხალხური სიმღერისა The Lark.
თბილისისადმი მიძღვნილი კომპოზიცია, რომელიც გია ყანჩელის მელოდიებს აერთიანებს და რომლითაც ალბომი მთავრდება, დასავლეთში მყოფი მევიოლინესათვის ერთგვარად სამშობლოში დაბრუნებაა. „ჩემთვის ფინალურ ნაწარმოებზე მუშაობა ემოციურად ძალზე რთული აღმოჩნდა, ვინაიდან უზომოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან“, − ამბობს ნიკოლოზ რაჭველი გია ყანჩელზე, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა. „ასევე საპასუხისმგებლო იყო, შემერჩია და ერთმანეთთან შემერწყა მუსიკალური მასალა, რომელიც ალბომში თბილისს სრულყოფილად წარმოადგენდა, თუმცა ყანჩელის მრავალფეროვანმა და გენიალურმა მუსიკამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაცოცხლების საშუალება მოგვცა“.
ორივე არტისტში ეს ნომერი უდიდეს ემოციას იწვევს. „ეს არის კავშირი ჩემს ბავშვობასთან, ნოსტალგიასთან, სიყვარულთან ჩემი ქალაქის, ხალხის, მშობლიური ჰაერის მიმართ“, − ამბობს ლიზა ბათიაშვილი, – „თავს უყრის ყველა ჩვენს გრძნობას, ერთად ყოფნისა და ერთმანეთის ერთგულების. ქართველი ახალგაზრდები თავისუფლებისა და ევროპულობის გზას ადგანან, მაშინ, როდესაც ქვეყანაში აგრეთვე არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გამოდიან ძველი დროის მარწუხებიდან. ეს სიმძიმე ჩანს მუსიკაშიც, თუმცა საბოლოოდ, ვპოულობთ იმედსა და მშვიდობას“.
ჰიუგო შირლი
სპეციალურად „დოიჩე გრამაფონისათვის“