ბავშვობაში, როცა საინტერესო ჟურნალების კითხვა და შეგროვება მიყვარდა, ჟურნალის რედაქტორობაზე მიოცნებია. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მოწვეულ რედაქტორად ყოფნის შემოთავაზება. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, ვინაიდან OK!-ის უდიდესი აუდიტორია ჰყავს. საინტერესო თემები შეგირჩიეთ, წინ წამოვწიეთ ბევრი აქტუალური საკითხი.
პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს და ამ ყველაფრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ტურიზმი. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა. ახლა უკვე ის ეტაპი გვაქვს, როცა მოწყურებული გვაქვს გარეთ გასვლა, ურთიერთობა, სხვადასხვა ადგილის მონახულება, ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც კი საშუალება მოგვეცემა და სრულად აღდგება ყველაფერი, ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით განვითარების იმ ეტაპს, რომელსაც ტურიზმმა მიაღწია.
TRAVEL BOOK-ში გაგაცნობთ 2021 წლის ახალ სამოგზაურო ტრენდებს, წაიკითხავთ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში რომელ მიმართულებებზე იქნება მეტი აქცენტი და მოთხოვნა. ასევე გვაქვს ინტერვიუები ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. საინტერესო მასალა მოვამზადეთ ყველაზე ძვირადღირებულ და უცნაურ სასტუმროებზე; ასევე, საუკეთესო წიგნებსა და ფილმებზე, რომლებიც მოგზაურობას უკავშირდება. სახალისო თემებსაც შემოგთავაზებთ, თუ რომელი ნივთები რჩებათ სტუმრებს, ან ძირითადად რომელი ნივთები მიაქვთ სასტუმროდან. მოკლედ, აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ TRAVEL BOOK-ი.
იმედის თვალით ვუყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, მოგზაურობას მოწყურებული ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოსკენ აიღებს გეზს. ვფიქრობ, კორონავირუსის პერიოდმა ჩვენ ყველას გვასწავლა კრიზისზე მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირება და ნებისმიერი გაურკვევლობის დაძლევა. ჩვენ დღეს ბევრად ძლიერები და მობილიზებულები ვართ, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე ვიყავით.
ყველა კრიზისი როდესღაც სრულდება და ესეც გაივლის. ვფიქრობ, პოსტკოვიდ მსოფლიო უფრო პროაქტიური გახდება და დიდი ნახტომებით განვითარდება. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ჩვენ უნდა შევქმნათ ეს გამოსავალი – სხვანაირი ფიქრით, აზროვნებით და მოქმედებით.
ელენე ოთარაშვილი