OK!-ის დეკემბრის ნომრის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და გამორჩეული რესპონდენტი, კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანია. ჩვენს მკითხველს რამდენიმე წლის წინ უკვე ვუამბეთ მისი შემოქმედებისა და საქმიანობის შესახებ, თუმცა ამჯერად უამრავი სიახლით დაგიბრუნდით, რომელსაც თავად გვიამბობს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ქართული კინო, კულტურა და ზოგადად, ქვეყნის პოპულარიზება თანდათან წინ მიიწევს და ვითარდება.
ქეთი, ჩვენმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ უკვე გაგიცნოთ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით. გვიამბეთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ წლების განმავლობაში?
რამდენიმე წლის წინ თქვენს ჟურნალში ვისაუბრეთ ქართული კინოს წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ამ წლების განმავლობაში, პრობლემების დიდი ნაწილი კვლავაც მოუგვარებელია, ყველაზე არსებითი კი კულტურის პოლიტიკისა და პრიორიტეტების არარსებობაა ქვეყანაში. ქართული კინოს დაფინანსება მზარდი ინფლაციის ფონზე პრაქტიკულად არ იცვლება, რაც ფილმის შექმნის პროცესს თითქმის შეუძლებელს ხდის. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სცენარზე ვიმუშავე და ახლა დავამთავრე დოკუმენტური ფილმი „მზიური“, რომელსაც 2018 წლიდან ვიღებ.
საქართველო ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი ქვეყანა გახლდათ. გვესაუბრეთ ამ წარმატებაზე.
საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი ესპანეთში, ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მსგავსი ღონისძიებები − ქართული კინოს კვირეული ან ჩვენებები მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე იმართება (ოქტომბერში, მაგალითად, ლისაბონში დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივა მოეწყო). მსგავსი ჩვენებები ქართული კინოს, კულტურისა და ზოგადად, ქვეყნის პოპულარიზებას და ფართო მაყურებლამდე მიტანას უწყობს ხელს.
როგორც ცნობილია, თქვენ იყავით ვალიადოლიდის 64-ე კინოფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებდით ამ გამოცდილებას და თქვენს შთაბეჭდილებებს?
ჟიურის წევრობა, ზოგადად, დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც ამავე დროს. ყურადღებით უნდა გაეცნო შენი კოლეგების ნამუშევარს და შეაფასო. ხელოვნების შეფასება, ზუსტი მეცნიერებისაგან განსხვავებით, ძალიან სუბიექტურია და გადაწყვეტილებას მაინც საკუთარი გემოვნებით იღებ. მომიწია ისეთი გამოცდილი ადამიანების გვერდით მუშაობა, როგორიცაა ცნობილი ესპანელი მწერალი როსა მონტერო, ესპანელი კინორეჟისორი ხოსეფინა მოლინა, ასევე ფილიპ ლესაჟი, ტიერი ფორტე, დილიპ მეტა და ივან ჯირუდი. საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა გახლდათ და გადაწყვეტილების მიღებაც ადვილი არ იყო.
თქვენი შეფასებით, როგორია დღევანდელი რეალობა და კინო ერთმანეთთან მიმართებით?
მგონია, რომ თუ მსოფლიო კინოს ისტორიას გადავხედავთ, კონტექსტი არ შეცვლილა − კინო აირეკლავს რეალობას და ხშირად თავად გვევლინება სოციალური ცვლილებების ხელშემწყობად. ერთგვარი წინასწარმეტყველიც კი არის და წინ უსწრებს მოვლენების განვითარებას. მგონია, ეს არის ზოგადად კულტურის როლი საზოგადოების განვითარებაში.
გვესაუბრეთ ზოგადად, ქართული კინოს საერთაშორისო წარმატებაზე.
ზემოთაც ვახსენე − კინო ერთ-ერთი მედიუმია, რომელსაც შეუძლია საქართველოს გატანა საერთაშორისო არენაზე, და არა მარტო როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზება, არამედ ყურადღების მიპყრობა მნიშვნელოვან პრობლემებზე. მაგალითად, როგორიცაა რუსული ოკუპაცია. მიუხედავად მწირი დაფინანსებისა, ენთუზიაზმის თუ რაღაც მაგიის საშუალებით, ქართული კინო ახერხებს დიდ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვედრას და ასევე საერთაშორისო დისტრიბუციისა და ვიდეოპლატფორმების (მაგალითად, „ნეტფლიქსი“) მეშვეობით დიდ აუდიტორიაზე გასვლას.
„ოსკარის“ ახალ რეგულაციებზე გვესაუბრეთ.
„ოსკარის“ ახალი რეგულაციები ვფიქრობ, ერთი კონკრეტული დიდი ქვეყნის − ამერიკის შეერთებული შტატების დაჯილდოების რეგულაციებია. რეგულაცია შეეხო მსახიობების დაჯილდოებას: ნომინაციაზე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რასის მსახიობები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, ასევე პროცენტულად უნდა იყოს განსაზღვრული გენდერული, უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მონაწილეობა სამსახიობო ანსამბლში. ამ რეგულაციებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კინოს მოყვარულებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა − ეს არის კინოს ინდუსტრიის ლიდერი, მაინც კონკრეტულად ერთი ქვეყნის რეგულაციებია. ზოგადად, მსგავსი კვოტირება ხელოვნებაში ჩემთვის გაუგებარია, მით უმეტეს, თუ ხელს უშლის შემოქმედებითი პროცესის თავისუფლებას და ჩარჩოებს უწესებს. თუმცა ქვეყანაში, სადაც მრავალი ეროვნება და რასა ცხოვრობს და წლების განმავლობაში ჰოლივუდი მხოლოდ ერთგვაროვან „ვარსკვლავებს“ ქმნიდა, ეს ცვლილებები, ალბათ, საჭიროა და რეგულაციები, როგორც ეწერა, ნელ-ნელა ამოქმედდება.
სამომავლო გეგმები...
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ახლა დოკუმენტურ ფილმ „მზიურის“ დასრულებით ვარ დაკავებული. ჩემს მეგობარ ნესტან-ნენე კვინიკაძესთან ერთად მაქვს მხატვრული ფილმის სცენარი „ია“. ვმუშაობ პროდიუსერ ნატო სიხარულიძესთან „ტერა ინკოგნიტკა ფილმი“, დაფინანსების მოპოვებაზე და იმედია მალე შევძლებთ გადასაღებ მოედანზე გასვლას. ფილმის მოქმედება საბერძნეთში ხდება.