ჩვენი რესპოდენტი 19 წლის, ლორენა ზოიძე გარკვეული აუდიტორიისთვის უკვე კარგად ნაცობი სახეა, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისმა ფოტოებმა უკვე არაერთხელ მოახერხა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა. როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, ვინ არის მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და როგორია მისი სამომავლო გეგმები თავად გვიამბობს.
ლორენა, გვესაუბრეთ თქვენს პროფესიაზე, როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მოდელი?
არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, უბრალოდ ბავშვობაში ძალიან მიზიდავდა ლამაზი გოგონები, მათი გამოსვლები და ის თუ როგორ უვლიდნენ თავს. პირველად ბათუმის სააგენტოში მივედი, მაშინ აქ მხოლოდ ერთი სააგენტო იყო და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა, ვსწავლობდი ყველაფერს, რაც მოდელს უნდა სცოდნოდა.
ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა ია კიწმარიშვილი და წამიყვანა თბილისში. მაშინ ტარდებოდა Elit Model Look, რისთვისაც ყველა მონაწილე გოგონა განსაკუთრებულად ემზადებოდა, ვარჯიშობდა, სწორად იკვებებოდა, თავს უვლიდა და მთლიანობაში ბევრ რამეს სწავლობდა. მეც ანალოგიური პროცესების გავლა მომიწია. 1 თვეში ძალიან დავმეგობრდით - ფაქტობრივად ერთი ოჯახი გავხდით. სამწუხაროდ ვერც გავიმარჯვე და ვერც ათეულშიც გავედი. შემდეგ მის საქართველოს კონკურსზე მონაწილეობა შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი, რადგან არ მიყვარს კონკურენცია.
მოულოდნელი პოპულარულობა ჩემი ოჯახის წყალობით მეწვია. 4 წლის წინ პირველად დავდე სურათი დედაჩემთან ერთად და უამრავმა გვერდმა აიტაცა, რის შემდეგაც ბევრი შემოთავაზება და მოწვევა გვქონდა, სწორედ ამან შეუწყო ხელი ჩემი პროფესიის განვითარებასაც.
რა გიზიდავთ ამ პროფესიაში ყველაზე მეტად?
საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოა, შთაბეჭდილებებით დატვირთული. გიხდება გარდასახვა, ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან, პოდიუმსა თუ გადაღებაზე სხვადასხვა როლის მორგება. ეს არის ყველაზე მიმზიდველი ამ საქმიანობაში.
ინსტაგრამის გვერდზე უამრავი გამომწერი გყავთ და თითქმის ყოველთვის ინარჩუნებთ მათ კეთილგანწყობას, როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს ამას?
ყველაზე მნიშვნელივანია შენს აუდიტორიასთან ახლოს ყოფნაა. არასდროს მომიტყუებია არავინ ყოველთვის გულწრფელი ვარ, მაშინაც კი, როცა საქმე რეკლამას ეხება.
ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
ჩემი ოჯახი და ის ერთეული ადამიანები, ვისაც ძალიან ვუყვარვარ.. მათ არასდროს გავუცრუებ იმედებს.
როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა?
ალბათ ჩვეულებრივი.. დილით ვერაფერს ვასწრებ, ამიტომ გარეთ ვსაუზმობ ხოლმე. წყლის დიდი რაოდენობით მიღება, ფეხით სიარული, ადამიანებთან კონტაქტი, სასიაოვნო მუსიკა, დღის ბოლოს კი კარგი სასმელი.
როგორ უვლით თავს?
ძალიან მიყვარს კორეული კოსმეტიკა, ეს იქნება დამატენიანბელი კრემი, გამწმენდი თუ შრატი ყველაფერი კორეული ბრენდის მაქვს. მათი პროდუქციის უდიდესი ნაწილი სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება. კორეელების სახის კანი ნამდვილი საოცრებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტორი უწყობთ ხელს ასე გამოიყურებოდნენ.
როგორია თქვენი სამომალო გეგმები?
ვსწავლობ დიზაინზე, თუმცა ჯერჯერობით თავს შევიკავებ სამომავლო გეგმებზე საუბრისგან.