ფეხბურთი − ეს სპორტის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული სახეობაა, რომელზე საუბრისას დიდ სტადიონზე მოთამაშე მამაკაცების ორ დაპირისპირებულ გუნდს წარმოვიდგენთ. საფეხბურთო კლუბ GIRLPOWER-ის დაფუძნებით, პროფესიონალი მწვრთნელი ალა ფილინა ერთ-ერთ იმ იშვიათ მწვრთნელად იქცა, რომელიც სპორტსმენ გოგონებს არც მეტი არც ნაკლები, დაძაბული საფეხბურთო მატჩისთვის ამზადებს. როგორია ისტორია, რომელმაც ალა საინტერესო კარიერამდე მიიყვანა და ვინ არიან GIRLPOWER-ში მოთამაშე გოგონები? − ამის შესახებ OK!-ის გამოცდილი მწვრთნელი უამბობს.
რამ შთაგაგონათ ფეხბურთის კლუბის შექმნა? რა არის თქვენი პროფესია?
პროფესია?! − რთული სათქმელია. ჩემი ცხოვრება შედგება დედობის 30%-ის, ფეხბურთის 30%-ის, ბიზნესის 30%-ის, და ფანტაზიებისა და ოცნებების 10%-ისგან. სპორტი ბავშვობიდანვე გახდა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი: სპორტის 2 სახეობა 8 წლის განმავლობაში, 2 სპორტული სკოლა, კვირაში 8 ვარჯიში. მაშინაც კი, თუ არ გახდებით პროფესიონალი, სპორტი მაინც გაგყვებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. როცა სპორტი მივატოვე, სწავლას საფუძვლიანად შევუდექი, შემდეგ კი ბიზნესში გადავინაცვლე. ამასობაში, 15 წელი გავიდა. შვილი ფეხბურთის წრეზე დამყავდა, თუმცა მინდოდა, უფრო მეტი მხარდაჭერა გამომეხატა მისთვის, ვიდრე უბრალოდ ვარჯიშზე წაყვანა და შემდეგ მიკითხვა იქნებოდა.
მახსოვს, მაშინ მწვრთნელმა საკმაოდ ნათლად მაგრძნობინა, რომ ქალის ადგილი უფრო მეტად სამზარეულოში, ქურასთანაა. დისკუსიაში არ ავყევი, მალევე მწვრთნელის ლიცენზია თავად მოვიპოვე.
შემდეგ, პარტნიორთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა დავაარსე. მოგვიანებით კი ქალთა სამოყვარულო საფეხბურთო სკოლა, რომელიც ყველაზე დიდი აღმოჩნდა ევროპაში.
დრო გავიდა და მე საქართველოში აღმოვჩნდი. და რა უნდა გამეკეთებინა აქ, თუ არა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს − ფეხბურთი. ასე დაიბადა პროფესიული საფეხბურთო გუნდი GirlPower. მე ნამდვილად არ ვგეგმავდი მის შექმნას. ზოგადად, ბავშვებთან მუშაობას ვირჩევდი ხოლმე, თუმცა ფეხბურთელმა გოგონებმა მიპოვეს და დახმარება მთხოვეს. ეს ხომ ჩემი სამუშაოა − ვიყო ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელი.
არსებობს girlpower-ის ძირითადი შემადგენლობის გუნდი? გვიამბეთ გუნდის წევრების შესახებ.
ჩვენ არ გვყავს ძირითადი გუნდი და არც მისი ძირითადი წევრები. რაღაც გაგებით, მეც არ ვარ მთავარი, თუმცა ვარ მწვრთნელი. ასე ვიტყოდი... გუნდში ყოველთვის არიან გოგონები და თითოეულ მათგანს საოცრად დიდი გული აქვს. მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი. მე ვიმედოვნებ, რომ მათ არასდროს მოუწევთ სპორტის ამ სახეობის დატოვება. თუ თითოეულზე ვისაუბრებ, სათქმელს ჟურნალი ალბათ ვერც დაიტევს, რადგან ეს არის ყოველი მათგანის საინტერესო ისტორია. მე ისინი ძალიან მიყვარს და თითოეულით უზომოდ ვამაყობ.
მაგალითად, ელენე რაუხი. ყოველთვის, როდესაც მას ვუყურებ, ვცდილობ გავიხსენო, შევხვედრივარ თუ არა ასეთ ერთგულ, სანდო ადამიანს, ასეთი ნათელი აზროვნებით, ღრმა გაგებით და მგრძნობიარე გულით. ის საოცარი, ძალიან ნიჭიერი, მებრძოლი გოგონაა.
ან მეგი გოცირიძე?! ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის ჰაერივით არის. სავსებით გამჭვირვალე, გულწრფელი, მაგრამ სრულიად შეუდრეკელი. და არიან სხვა ასეთი გამაოგნებელი გოგონები, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ − არა მხოლოდ ფეხბურთში. ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, საიდან იციან ამდენი ცხოვრებაზე.
გოგონები განსხვავდებიან: ნინო კურტანიძე, მარიამ მეტრეველი, ანუკი კირვალიძე, ანი ძაძუა... დიახ, ბევრია. თითოეული თავისებურად დასამახსოვრებელი და უნიკალური.
რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ წარმატებად დღეს?
ხალხი ჩემი წარმატებაა. გავიცანი ჩემი გოგონები, შეიქმნა გუნდი. თითოეული შეხვედრა უდიდესი წარმატებაა, გამონაკლისის გარეშე. შემთხვევით არავის ვხვდებით. მაშინაც კი, თუ ვინმემ ზურგი გვაქცია, ღმერთი მათაც გარკვეული მიზნით გვიგზავნის.
როგორია თქვენი გეგმები?
ჩვენ ვითამაშებთ. ვაპირებ, დიდი ენერგია, ჩემი მთელი ცოდნა და გამოცდილება ჩავდო გოგონებში, იმისათვის, რომ თითოეულმა საკუთარი კაშკაშა ვარსკვლავი მოწყვიტოს. ვიცით, რომ ეს არ იქნება ადვილი და ეს მათი ბრძოლაა მომავლისთვის, რომელშიც მათთან ერთად ვარ. ჩემი გეგმაა, სათითაოდ მივიყვანო ისინი საკუთარ გამარჯვებამდე.