საქართველოში ესთეტიკურ ქირურგიასთან უამრავი ადამიანისთვის უპირველესად „წოპეს“ სახელი ასოცირდება. ექიმი ვახტანგ ხუციძე ის სახელმოხვეჭილი ფიგურაა, რომელმაც პლასტიკური ქირურგიის სკოლას საფუძველი ჩაუყარა და ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავ აღმზრდელსა და მიმდევარს შორის, მის კვალს ვაჟი − ექიმი ზურაბ ხუციძეც გაჰყვა.
„წოპეს“ ოჯახში მისი ცხოვრების მეგზურმაც საქმიანობა საინტერესო კვლევებსა და თემატიკას დაუკავშირა და მეუღლის პროფესიასთან კვეთაში ბიოლოგი ნუნუ ხარებავა, ადამიანის თავის ტვინის განვითარებას და მისი რეგენერაციის შესაძლებლობებს სტუდენტობის დასრულებისთანავე საფუძვლიანად პრაქტიკაში შეისწავლიდა. თუმცა გარკვეულმა პერიპეტიამ მას გზა სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებისკენ გაუკვალა.
ქირურგიას კარიერული არჩევანი „წოპეს“ ქალიშვილმა, მაიკო ხუციძემაც დაუკავშირა, შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრება გერმანიაში მოუწია, საიდანაც კლინიკისთვის „წოპე“ ბევრი სიახლეც ჩამოიტანა.
ოჯახში ქალბატონების მესამე თაობის წარმომადგენელი, „წოპესთვის“ უსაყვარლესი შვილიშვილი, ელენე დუმბაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ცხოვრებისეული საინტერესო გამოცდილების დაგროვება უკვე შეძლო. ის ბაბუას, როგორც ხელოვანის, თვალთახედვის გამზიარებელი აღმოჩნდა და პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, გლობალურ კომუნიკაციასა და კინომცოდნეობაში ორმაგი ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
სამი ქალბატონის კარიერული დინამიკა, რა თქმა უნდა ერთადერთი საინტერესო განვითარება არ ყოფილა და განსხვავებულ თაობათა წარმომადგენლები OK!-ისთან კიდევ უფრო საგულისხმო ამბებს ყვებიან, თუ რა განასხვავებთ და რაში პოულობენ მსგავსებას, როგორია ოჯახური თანაცხოვრება და რასაკვირველია, მოგონებები, რომლებიც „წოპესთან“ აკავშირებთ...
პროფესიული არჩევანი და მასთან ერთად განვითარებული მოვლენები
(ნუნუ): ლაბორატორია, რომელშიც მუშაობა დავიწყე, მოსკოვის თავის ტვინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს კავშირი შეწყდა. ამან ლაბორატორიის მუშაობა და ჩემი სადოქტორო დისერტაცია შეაფერხა. უშუქობამ და სიცივემ კი მაიძულა, დამეტოვებინა სამსახური და საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად წყნეთში გადავსულიყავი. სწორედ მაშინ გაჩნდა დრო, რომ წყნარად შემეხედა და დავმტკბარიყავი ცით, მცენარეებითა და ბუნებით.
თუმცა, პირველი ორი წელიწადი ყოველთვის მინდოდა საწერ მაგიდასთან დაჯდომა და მუშაობა − სტატიების წერა, ლექციების მომზადება. ამის მაგივრად, ჩემი ბებიის, პეტერბურგში გაზრდილი და სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულის, ლიუბოვ იაკოვლევას არქივი გავარჩიე. ლექსებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება წერდა, თავი მოვუყარე და წიგნად გამოვეცი. პრეზენტაცია თბილისსა და პეტერბურგში შედგა.
(მაიკო): სამედიცინო ინსტიტუტი მშობლების „კარნახით“ ავირჩიე 1982 წელს. სტუდენტობის დროს Cornell University-ში სწავლის გაგრძელების საშუალება მომეცა, მაგრამ ვერ გავბედე. ჩვენთან ჯერ საბჭოთა კავშირი იყო. ვნანობ...
ქირურგად მუშაობა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავიწყე, მაგრამ 2 წელიწადში გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად და 1990-1998 წლები იქ გავატარე, ქირურგიის გარეშე. სამაგიეროდ, უზომოდ ვისიამოვნე ჩემს შვილთან, ელენესთან ურთიერთობით. ერთად „გავიზარდეთ“. ბევრი რამ ვისწავლეთ. გერმანიიდან საინტერესო სიახლეები ჩამოვიტანე კლინიკისთვის „წოპე“ და ქირურგიის ნაცვლად, ესთეტიკურ მედიცინასა და სამედიცინო მენეჯმენტზე გადავერთე. ის ჩაანაცვლა კერძო ბიზნესმა და ოჯახისთვის გამოთავისუფლებულმა დრომ.
(ელენე): დავამთავრე პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც გლობალურ კომუნიკაციასა და კინომცოდნეობაში ორმაგი ბაკალავრის ხარისხი მომენიჭა.
კომუნიკაციებს პროფესია იქიდან გამომდინარე დავუკავშირე, რომ მაინტერესებს ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვფიქრობ, თავს ვართმევ განსხვავებულ ტიპაჟებთან ურთიერთობას, მიტაცებს სწორი მიდგომის შერჩევა და მათთან კომუნიკაციის დამყარება. ხოლო კინოს მიმართ ყოველთვის დიდი სიყვარული და მისდამი ინტერესი მაკავშირებდა. ეს ჩემთვის კომუნიკაციის ყველაზე მრავალფეროვანი საშუალებაა. შესაბამისად, მინდოდა ცოდნა გამეღრმავებინა და ხელოვნების აღნიშნულ დარგთან მეტი შეხება მქონოდა. მადლიერი ვარ იმ ფანტასტიკური პროფესორების, რომლებმაც ცოდნა გამიზიარეს და ბევრი რამ მასწავლეს.
ვინაიდან მინდოდა პროფესიაში ფართო არეალი მქონოდა, ორი პროფესია ავირჩიე, რომელიც ერთმანეთის მომიჯნავეა. ცხოვრებაში მრავალფეროვანი გამოწვევები ხან კინოს, ხანაც კომუნიკაციების სფეროში მხვდება, ზოგჯერ კი ორივე ერთიანდება.
ოჯახური იდენტობა, როგორც პერსონის განმსაზღვრელი შტრიხი
(მაიკო): მე ე.წ. „სენდვიჩის თაობის“ ( Sandwich Generation) ტიპური წარმომადგენელი ვარ. სამ მომიჯნავე თაობას შორის მოქცეულს, მიწევს ლავირება. ჩემს დედას და შვილს, ორივეს, ძლიერი ხასიათი, ინდივიდუალობა აქვს. მე ვცდილობ, რბილი რგოლი ვიყო ამ ჯაჭვში. ამაში კი პასუხისმგებლობა, მოთმინება, გამოცდილება და რაც მთავარია, სიყვარული მეხმარება.
(ნუნუ): ოჯახური „იდენტობა“ სწორედ დიდ ბებიასთან არის დაკავშირებული. მის საოცარ ერუდიციასთან და მასთან გატარებულ დროსთან.
(ელენე): ის დიდი ემოცია, რომელიც ბაბუაჩემმა დატოვა, მისი ხასიათის ანარეკლია. მის ხსენებაზე ყველას ყოველთვის სახე უნათდება და ღიმილი ჩნდება, რაც ძალიან სასიამოვნოა. გამიმართლა, რომ მსგავსი დამოკიდებულება, დადებით განწყობას ჩემ მიმართაც თავიდანვე იწვევს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია.
3 ქალი − არაერთი მსგავსება
(ნუნუ):
Если бы молодость знала,
Если бы старость могла...
თაობებს შორის სხვაობა ყოველთვის დიდი იყო, თუმცა არასოდეს ისეთი მძაფრი, როგორც ახლა. ზოგჯერ გვიჭირს ერთმანეთის გაგება, მაგრამ ერთად ყოფნა გვიყვარს − თეატრში, გამოფენაზე, დასასვენებლად.
(მაიკო): საერთო ჩვენ შორის, სწორედ ძლიერი ოჯახური იდენტობაა, რომელსაც ერთად გატარებული დრო, საერთო ტრადიციები და ფასეულობები აშენებს.
(ელენე): ვფიქრობ, სიახლის ძიების წყურვილი, მიზანმიმართულობა, ესთეტიკის სიყვარული და ალბათ იდეალიზმიც კი, ყველას გვაერთიანებს.
ერთმანეთი − შეუცვლელი როლები
(ელენე): ვიტყოდი, რომ ბებია არის ის, ვინც გვივლის და ყველაზე მეტ კონტროლსაც გვიწევს. სწორედ მისგან მოდის თითოეული ტრადიცია, რაც გვაქვს. როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი, როგორ უნდა გაიშალოს სუფრა თუ როგორ მომზადდეს კერძი ჩვენს ოჯახში − ძირითადად, ბებიას პრეროგატივებია. შემდეგ დედაჩემს შემოაქვს საკუთარი წილი. ის ძალიან ყურადღებიანი და სიყვარულით სავსე ადამიანია.
(მაიკო): ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან ხშირად ვართ ერთად, რადგან მეზობლები ვართ წყნეთში. ერთად ყოფნას კი მუდმივი გაცვლა-გამოცვლა მოაქვს ინფორმაციის, კულინარიული რეცეპტების, გამოცდილების, ხშირად – საკამათო სენტენციების...
დედასთან ახლა ბევრად მეტ საერთოს ვპოულობ, ვიდრე ადრე. უფრო მესმის მისი, როცა „უკან ვახვევ“ დროს და ვიხსენებ ჩემს ასაკში როგორი იყო, რას აკეთებდა. ელენესა და მის შვილს − მაიკის კი ჩვენს ცხოვრებაში სიცოცხლის ხალისი, აზრი და ახალი მიზნები შემოაქვთ.
განსხვავებები, როგორც უპირატესობა
(ნუნუ): მე მაქსიმალისტი და მომთხოვნი ვარ. მომწონს პუნქტუალურობა, დისციპლინა. მიყვარს დღეს დაწოლა და ხვალ ადგომა. ამას ვითხოვ ახალგაზრდებისგან. თუმცა, მეც ვსწავლობ მაიკოსგან და ელენესგან თანამედროვე ხედვას, აზროვნებას, ტექნოლოგიების მოხმარებას.
(მაიკო): ნუნუსგან თვითდისციპლინას და საოცარ შრომისუნარიანობას ავიღებდი, ელენესგან − სილაღეს.
(ელენე): ბებიასგან ვიღებ წესრიგის, სიძლიერის, ასევე საოცარი მზრუნველობის მაგალითს. დედა კი შთაგონების წყაროა, მისი ცქერით ჩემთვის ფანტაზიაც მრავალფეროვნდება.
„წოპე“ − მარადიული კავშირი
(ნუნუ): „წოპე“ ჩემთვის ყველაფერი იყო − საყვარელი ადამიანი, თანამოაზრე, მეგობარი, რომელსაც შეგიძლია დაყრდნო. სამწუხაროდ, უკვე 8 წელი გადის მის გარეშე...
(მაიკო): მამა ჩემი ცხოვრების მთავარი ფეიერვერკი იყო − საოცარი იუმორის მქონე, ნიჭიერი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, საუკეთესო მამა და მეგობარი, იდეების გენერატორი. ეს ბოლო თვისება მემკვიდრეობით მერგო. მუდამ იდეები მაწუხებს. ალბათ, შემდეგი ათწლეული მათ ხორცშესხმას დაეთმობა.
(ელენე): ის ჩემთვის იყო უსაყვარლესი ბაბუა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ინოვატორი, საოცარი იუმორის მქონე, სიცოცხლით სავსე ადამიანი გახლდათ! იყო საოცარი ესთეტი, ამიტომ ხშირად გარეგნულ მხარეზე შენიშვნებს გვაძლევდა. მაგალითად, ძალიან არ მოსწონდა როდესაც თმა გაშლილი მქონდა და ამბობდა, რომ ქალის სილამაზე ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა კისერი არ იმალებაო.
ჩაცმულობაზეც ყოველთვის საინტერესო კომენტარებს გვიკეთებდა. ძალიან კარგად ხატავდა და როდესაც სასწავლებლად პარიზში ვიყავი, ჩვენი ოჯახის წევრების სახალისო ჩანახატებს მიგზავნიდა, ამით მამხიარულებდა, მამხნევებდა.
ფასეულობებისა და ტრადიციების კვალდაკვალ
(ნუნუ): ფასეულობა ჩემთვის მაღალი ზნეობა, ერთგულება, სიმართლე, მეგობრობა, თანადგომა, ოჯახის მთლიანობაა. ტრადიცია − მეგობრებთან შეხვედრა, საოჯახო ზეიმები და სიურპრიზების კეთებაა იუბილარისთვის.
(ელენე): მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახი საერთო მთავარ ფასეულობებზე დგას, ყველას ინდივიდუალურობა გვახასიათებს და ამას პატივს ვცემთ.
(მაიკო): ალბათ საერთო ფასეულობები გვაქვს: ზნეობა, ერთგულება, სამართლიანობა, თავისუფლება, სიყვარული, გულწრფელობა, ზრდილობა. იმ გარემოზე ზრუნვა, რომელშიც ჩვენი შთამომავლობა უნდა გაიზარდოს.
ჩვენი ტრადიცია ერთმანეთისთვის განსაკუთრებული დაბადების დღეების მოწყობა, ახალი წლის, შობის, აღდგომის განსაკუთრებულად ლამაზად და ჩვენი ოჯახისთვის ჩვეული კერძებით შეხვედრაა. აღდგომის მეორე დღეს კი, კალათაში ჩაწყობილი, ფერადად შეღებილი კვერცხებით და ყვავილებით სასაფლაოზე გასვლა. ეს ტრადიცია ისე შეითვისა ელენემ, რომ სტუდენტობის პირველ წელს, პარიზში, კვერცხები შეღება და აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე წაიღო, ოღონდ − პერ-ლაშეზის! და ჯიმ მორისონის საფლავზე გააგორა...
ფერადი ფანქრები ყოველდღიურობის ქაღალდზე
(ნუნუ): ყოველდღიურობაში ბევრი საქმეა, რომელსაც აფერადებს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება (მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება) და ამ ინფორმაციის გაზიარება ჩემი შთამომავლებისთვის. თავშესაქცევი ჩემთვის ყოველთვის იყო კითხვა. მიყვარს ფოტოგრაფია, ბაღის მოვლა და მანქანის მართვა. უკვე სამოცი წელია, რაც საჭესთან ვარ.
(ელენე): ჩემს შვილთან, ასევე ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობა მთავარი მრავალფეროვნებაა.
ჩემი ყოველდღიურობა მრავალფეროვნდება ურთიერთობით − შვილიშვილთან, რომელიც ხშირად არის ჩემთან და მეგობართან, ყოველ დილით, სიარულის დროს. სალაპარაკო არასოდეს გველევა. ჩემი თავშესაქცევი საინტერესო ლექციებისა და ვებინარების მოსმენაა, ასევე მოგზაურობა, ფილმები − მხატვრული და დოკუმენტური; კითხვა, მუსიკა, ფეხით სიარული, თხილამურები...
ახალი აღმოჩენები
(ელენე): საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის, რომ მიდგომების შეცვლით ყველაფერი რეალურად იცვლება. კარანტინი ამის კარგი მაგალითი გამოდგა. ეს დრო ოჯახმა ერთად გავატარეთ. ბევრ ახალ და უჩვეულო საქმიანობასაც მივყავი ხელი, როგორიცაა მიწათმოქმედება, პურის ცხობა, შვილთან ერთად ველოსიპედით ახალი მარშრუტების აღმოჩენა და სხვა.
(მაიკო): ჩვენი ოჯახის ქალების სამივე თაობა ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს. დრომ მოიტანა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა. ხანდაზმულობამ, საშუალოდ 20 წლით გადაიწია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ დრო საკმარისად გვექნება ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ჯანმრთელ, ვირუსებისგან თავისუფალ მომავალში!