„დედა ყოველთვის მეუბნებოდა: „იმისათვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, სიყვარული და სამსახური სჭირდება. ნათელია, რომ მხარდაჭერას და დახმარებას ყველანი ვსაჭიროებთ, რათა ორივე მათგანი მოვიპოვოთ“. 59 წლის ჯულიანა მური ჰოლივუდის ვარსკვლავი, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის დედოფალი და საკულტო სტილის მქონე ქალია. მსახიობი ოჯახისა და კარიერის ჰარმონიულ თანაარსებობაზე გვიამბობს.
თქვენი გმირი სურათში „ქორწილის შემდეგ“ მამაცი დედის იდეას წარმოაჩენს, ისევე, როგორც თქვენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ქმართან, ბარტ ფრეინდლიჰთან ერთად შექმენით.
დიახ, ეს ჩემი და ბარტის მეოთხე საერთო ნამუშევარია. ყოველთვის ვტკბები, როცა ძალების გაერთიანება ქმართან ერთად მიწევს. 23 წელია რაც ერთად ვართ, მაგრამ შესაძლებელია კი მუდამ ერთ გუნდში ყოფნა? დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში, პერიოდულად შესვენებას ვაკეთებთ − არა ურთიერთობაში, არამედ საერთო საქმიანობაში! ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, თუ რამდენად რთულია მისი, როგორც რეჟისორის, საქმე ჩემსაზე, ანუ მსახიობობაზე. როგორც წესი, როცა გადაღება სრულდება, ვჯდები მანქანაში და ამ ყველაფერს დროებით ვივიწყებ. ამ ფილმის შემთხვევაში კი მე და ჩემმა ქმარმა შეუსვენებლად ვიმუშავეთ. ყველგან მას განვიხილავდით: მანქანაში, ძილის წინ, საუზმის დროს... კინო ჩვენი საერთო ვნებაა.
და რამ მიგიზიდათ ამ სცენარში? ფაქტმა, რომ ის ქმარმა შემოგთავაზათ?
ქალებს, როგორიც ჩემი გმირი ტერეზაა, კინოში იშვიათად აჩვენებენ. მან ბიზნესში დიდ წარმატებებს მიაღწია და ამასთან, პირად ცხოვრებაში კრახი არ განუცდია. მას კარგი ურთიერთობა აქვს თანამშრომლებსა და კოლეგებთან. მიჩვეულები ვართ, რომ როგორც წესი, ასე არ ხდება. ის ყველაზე ცოტა, ბოროტი ეგოისტი მაინც უნდა იყოს!
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი თავი ითამაშეთ, მისაბაძი მაგალითი მილიონობით ქალისთვის...
დიახ, რატომაც არა? ვერ ვიტან, როცა ამტკიცებენ, რომ ქალს თითქოს არ შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს: კარგი კარიერაც და წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც. რატომ არ შეუძლია? მე ვიცნობ ასეთ ქალებს. თავადაც ვამაყობ იმით, რომ ორივე მაქვს და მათ არც ისე ცუდად ვუმკლავდები.
თქვენი შვილები უკვე დიდები არიან. უფროსი „ბუდიდან გაგიფრინდათ“ და კოლეჯშია. როგორ გადაიტანეთ ეს რთული მომენტი?
იცით, იყო მშობელი, ძალიან ინტენსიური სამუშაოა. შვილს უნდა ასწავლო, როგორ იცხოვროს დამოუკიდებლად. ეს მომენტი ნებისმიერი დედის ცხოვრებაში დგება. რა თქმა უნდა, შოკს მაინც აქვს ადგილი, იმიტომ, რომ ძალიან ვართ გართული შვილების ცხოვრებით და მათთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი. როცა იზრდებიან და საკუთარ ცხოვრებას იწყებენ, გვეჩვენება, რომ ეს მაინც უეცრად და მოულოდნელად მოხდა. ესაა „ცარიელი ბუდის“ ეფექტი. ასევე, არ გვანებებს თავს შიშის განცდა: კარგი მშობელი ვიყავი? სწორად ვიქცეოდი?
თქვენ თითქოს ასაკობრივ ცვლილებებს საერთოდ არ ემორჩილებით...
ჩემი აზრით, 50 წლის შემდეგ ქალი სხვა კუთხით უნდა აფასებდეს მოვლენებს. ყველა ბერდება. ასეთია ცხოვრება. და საქმე იმაში კი არაა, რომ მუდამ ახალგაზრდებად დავრჩეთ, მთავარია ცოცხლები ვიყოთ, საკუთარი ცხოვრებით გატაცებულნი, და სიცოცხლის წყურვილი უკანასკნელ დღემდე შევიგრძნოთ. ესაა, რაც გვაქვს.
ცნობილია, რომ კარიერის დასაწყისიდანვე რთულ და მძიმე როლებს ამჯობინებთ. „ღამეები ბუგის სტილში“, „მაგნოლია“, „საათები“, „პიპა ლის პირადი ცხოვრება“, „ჯერ კიდევ ელისი“, „სუბურბიკონი“− ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია...
სულაც არა, ვაღმერთებ კომედიებს! ეს უბრალოდ „ვიკიპედიაში“ მახასიათებენ ასე. აი, მაგალითად, ჩემი ნენსი დონოვანი საკულტო სერიალში „სტუდია 30“ − როლი პატარაა, მაგრამ ძალიან სასაცილო და მას ფანების დიდი ჯგუფი ჰყავს, წარმოგიდგენიათ?
ალბათ თქვენი დაკვირვებულობა და ინტერესთა ფართო სპექტრი იმითაა გამოწვეული, რომ ადრეული წლებიდანვე ბევრს მოგზაურობდით...
შესაძლოა. მამაჩემი სამხედრო მოსამართლე იყო და სად არ გვიცხოვრია! ყველაზე დიდხანს გერმანიაში, ფრანკფურტში ვცხოვრობდით, დედა კი მთელი ცხოვრება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდა, სოციალურ სამსახურებში მუშაობდა. ვერ ვიტყვი, რომ მშობლები დიდი მონდომებით უჭერდნენ მხარს ჩემს მისწრაფებას, გავმხდარიყავი მსახიობი. ბოსტონში ხელოვნების კოლეჯში ჩავირიცხე და პარალელურად ბარმენად ვმუშაობდი. სწავლის დასრულების შემდეგ, ღამის მენეჯერის პოზიცია შემომთავაზეს. ბარი ბოსტონის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს სახურავზე იყო. მაგრამ მე მივუგე: „მადლობა, მე ნიუ იორკისკენ მაქვს გეზი. მსურს მსახიობი გავხდე!“
ცხოვრებაში არაფერს ნანობთ?
ვამჯობინებ უკან არ ვიყურო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რითი ვარ დაკავებული ამ კონკრეტულ მომენტში. როცა პროექტი სრულდება, ყველა სხვა მსახიობის მსგავსად განვიცდი: იქნება კი შემდეგი?.. ბოლომდე ვერც ვიაზრებ, თუ რამდენი როლი ვითამაშე. როცა საკუთარ ფილმოგრაფიას შევავლებ თვალს, მიკვირს: „რას ვაკეთებდი ამ ფილმებში?“ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ეს ყველაფერი თავს არ გადამხდენია.
თქვენი სახლი ხშირად ხვდება დიზაინერული ჟურნალების გვერდებზე.
დიზაინი ჩემი ჰობია. დედაჩემს უყვარდა ძველი სახლები, ანტიკვარული ავეჯი, და მე მისგან ლამაზი და მოდური ინტერიერების მიმართ ლტოლვა მემკვიდრეობით მივიღე. მაგრამ ჩემი სახლი ეტალონისგან შორსაა. ვოცნებობ ერთხელ ის ნულიდან ავაგო. ყველაფერი თავად დავგეგმო, მოვიფიქრო და არა გადავაკეთო.
რას აკეთებთ იმისათვის, რომ სასურველ ფიზიკურ ფორმაში იყოთ?
აშტანგა-იოგა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვცდილობ იოგას ამ სახეობით კვირაში ოთხჯერ მაინც დავკავდე. სადაც შემიძლია, ყველგან ფეხით დავდივარ. ამ მხრივ, ნიუ იორკში ცხოვრება ძალიან კომფორტულია. ასევე, აკუპუნქტურის მჯერა და ხანდახან მასთან დაკავშირებულ სეანსებსაც ვიტარებ.
თავს როგორ უვლით?
მზისგან დაცვა ჩემი ცხოვრების მთავარი წესია. დედაჩემი შოტლანდიიდანაა. მას ღია ფერის სახე და ჭორფლი აქვს. 10 წლის ასაკში, როცა ამერიკაში ჩავიდა, საშინლად დაიწვა. საკუთარი გამოცდილებიდან მან ბევრ რამეს მიმაჩვია. მუდამ ვატარებდი საზაფხულო ქუდებს; გარეთ არ ვჯდებოდი მაგიდებთან, რომლებსაც გადახურვა არ ჰქონდა; დავდიოდი ქუჩების ჩრდილიან ნაწილებში.... ჩემი ქმარი წუწუნებს კიდეც, რომ ჩემთან სცივა.
ალბათ მოსაწყენია იმის გამეორება, რომ დაძინებამდე სახეს აუცილებლად ვიბან. ვისვამ თვალის კრემს ქუთუთოებზე და დამატენიანებელ კრემს მთელ სახეზე. შრატებს ზეთებს ვამჯობინებ. ასევე, პილინგის მოყვარული ვარ. ქალაქში გირჩევთ წაისვათ დღის კრემი მზისგან დამცავი ეფექტით, სანაპიროზე კი ეს საკმარისი არ იქნება და უფრო სერიოზულ დაცვას უნდა მიმართოთ.
და თმის მოვლას როგორ უმკლავდებით? თქვენი თმა ბრწყინვალედ გამოიყურება...
განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ძირითადად სტილისტთან დავრბივარ. დაბანის შემდეგ ფენს არ ვიყენებ. უბრალოდ ბუნებრივად ვაშრობ და ვიკრავ. იცით, 5 წლის წინ მწვავე აპენდიციტი მქონდა. ოპერაციის შემდეგ, დიდხანს მოვუნდი მწყობრში მოსვლას. მას შემდეგ მესმის, რომ თუ არაფერი მტკივა და მშვიდად ვმოძრაობ, სრულიად ბედნიერი და საკუთარი სხეულით კმაყოფილი ვარ. პოზიტიური განწყობის შესაქმნელად ცოტა რამაა საჭირო...
მსახიობის პროფესია სიბერის მიმართ დამოკიდებულებაზე როგორ გავლენას ახდენს?
ვფიქრობ, ძალიან კარგს. მსახიობისთვის დროებითი სამუშაოები, გარემოებები და პერიოდები სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მოვლენის მიმართ მგრძნობიარე რეაქცია გვაქვს. ბევრი ქალი, მათ შორის მეც, გაზრდის პროცესში ვფიქრობთ, რომ კარიერისგან და სამსახურისგან განსხვავებით, ოჯახური ბედნიერება ჩვენთან თავისით მოვა. მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი: ეს ასე არაა. პირად ცხოვრებაში საჭიროა იმდენივე ძალისხმევისა და შრომის „ინვესტირება“, რამდენიც პროფესიულ სარბიელზე. არ შეიძლება უბრალოდ ჯდომა და სასწაულის ლოდინი.