თვითიზოლაციის რეჟიმი გრძელდება. მსოფლიოს ბევრ წერტილში მკაცრი საკარანტინო პირობებია. სამედიცინო პროფესიონალები ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით „სოციალური დისტანციისკენ“ მოგვიწოდებენ, რაც ნიშნავს დაიჭირო თავი ადამიანებისგან შორს, განსაკუთრებით თავყრილობებისგან. ყველა ღონისძიება, კონცერტი, ფესტივალი თუ ჩემპიონატი ჩაიშალა და ცნობილი ადამიანებიც მთელ დროს შინ ყოფნით ატარებენ. ისინი თავიანთ სოციალურ პლატფორმებს იყენებენ იმისთვის, რომ შთააგონონ ადამიანებს, თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ამ რთულ პერიოდში.
ემილი რატაკოვსკი
ემილი კითხულობს წიგნებს და უსმენს Electrelane-ს: „გამახსენდა, რომ ეს ბენდი კოლეჯში ძალიან მიყვარდა. მათი სიმღერები მიბიძგებს ავდგე და ჩემი თავი შევაჯანჯღარო, ოღონდ ნაზად“. ასევე უყურებს სერიალს Pen15: „ის ძალიან სასაცილოა და გვახსენებს იმას, თუ რამდენად დრამატულად აღვიქვამდით ყველაფერს თინეიჯერობის ასაკში. მაშინ ხომ თავი ჯოჯოხეთში გვეგონა, ახლა კი ამ ყველაფერზე გვეცინება“. იმისათვის, რომ საღ გონებაზე დავრჩეთ, ემილი შესაფერის აქტივობად შხაპის მიღებას და თმის დავარცხნას მიიჩნევს: „თავის მოვლის მცირე რიტუალები განწყობის ამაღლებაში ძალიან დაგეხმარებათ“. სანახავ ფილმად კი „უხილავ კაცს“ გვირჩევს. „თუ ერთ ღამეს ვერ იძინებთ, არა უშავს, თუ ერთ დილით გაღვიძება გიჭირთ, მაგასაც არა უშავს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და ძალდატანებით ნუ დატანჯავთ მას“.
კენდალ ჯენერი
„როგორც წესი, როცა ვიღვიძებ, ძაღლი სასეირნოდ გამყავს. რამდენიმე დღის წინ ექსპერიმენტი ჩავატარე და თმა შევიღებე. ასევე ვხატავ და ბევრს ვკითხულობ“, − გვიზიარებს სუპერმოდელი. კენდალმა ასევე განაცხადა, რომ „უკანასკნელი სიმღერა“ ხელახლა ნახა და თავს მარიოს ბანქოს თამაშითაც ირთობს.
სელენა გომესი
მომღერალმა ბევრი ადამიანის მსგავსად წინსაფარი მოირგო და მზარეულობას შეუდგა. ასევე, სელენამ გაგვიზიარა საკუთარი სია, თუ რას უნდა მოვუსმინოთ და ვუყუროთ ამ პერიოდში პოზიტივის შესანარჩუნებლად. მუსიკა: If the World Was Ending − JP Saxe & Julia Michaels; You Say − Lauren Daigle; Snowchild − The Weeknd; The Blessing − Kari Jobe, Cody Carnes & Elevation Worship; The Box − Roddy Rich. ფილმები: „უჩინარი კაცი“, „ჯენიფერის სხეული“, „ამერიკული აფერა“, „სულელი“, „ქორწილის შემდეგ“, „ზოდიაქო“, „ფლირტი უბედურებასთან“. სერიალები: „დილის შოუ“, „კარგი გოგონები“, „მოსამსახურე“.
რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი
რაიანს და ბლეიკს სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავთ: „ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ საშინაო სკოლას. იღბლიანები ვართ, რომ პატარა ბაღი გვაქვს და მებაღეობასაც ვსწავლობთ. ვცდილობთ მივიღოთ სასარგებლო განათლება. მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში ვსვამ“, − განაცხადა რეინოლდსმა სტივენ კოლბერტის ონლაინშოუში. მის ვარცხნილობაზე კი ბლეიკი ზრუნავს: „ჩემს თმას ცოლი აწესრიგებს. ამ საქმეს დაახლოებით ორსაათნახევარს ანდომებს“. „დედპულის“ მსახიობს სიამოვნებს, რომ მთელ დღეს ქალებით სავსე სახლში ატარებს: „საერთოდ არ მენატრება მასკულინური კამპანია. მომწონს გოგონებთან ერთად ყოფნა და მათ საქმიანობაში ჩართვა. მათ მე გენდერულ ნორმატივებს თავს არ ვახვევ, მაგრამ თავად მოსწონთ კაბების შექმნა და ვარდისფერ ფერებში ჩაცმა. ამიტომაც მეც იგივეს ვაკეთებ. ერთხელ კაბები ქაღალდის ხელსახოცებისგან გავაკეთეთ და ძალიან გაერთნენ. ყოველდღიურად ვავითარებთ უნარებს, რომლებსაც ახალ სამყაროში გადავყავართ“.
აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარმა მილიონი დოლარის ქველმოქმედება გაიღო მათთვის, ვისაც კორონავირუსის პანდემიის გამო საკვებზე წვდომა აღარ აქვთ.
ჰარი სტაილსი
ჰარიმ გაამხილა, რომ ძველებურ რეჟიმს იცავს: „დილით ვდგები, ვმედიტირებ, შემდეგ ყავას ვსვამ და ვკითხულობ, რომ გამოვფხიზლდე. დღისით დავრბივარ, ვცდილობ ცოტა სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო და მზეს მივეფიცხო. შემდეგ ვმუშაობ და საღამოს ვსეირნობ“. ვარსკვლავი ახალი ნამუშევრების შექმნის პროცესშია და ახალ უნარებსაც ითვისებს. „რთულია, მაგრამ იღბლიანი ვარ, რომ იზოლაციაში მეგობრებთან ერთად ვიმყოფები. დროის გარდა, არაფერი გაგვაჩნია. იტალიურს ვსწავლობ, ასევე ჟესტების ენას. ახლა საუკეთესო დროა ახალი ჰობის შესათვისებლად“.
კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი
ტეიგენი და ლეჯენდი 3 წლის ქალიშვილთან და 1 წლის ვაჟიშვილთან ერთად არიან. წყვილი კარანტინის პირობებში მხიარული პოსტებით გვანებივრებს. ჯონი სოციალური ქსელის მეშვეობით ცოცხალ კონცერტებს მართავს, კრისი სასაცილო სურათებს იღებს. მათი ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევი საჭმელების ერთად გაკეთებაა.
ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი
ლოპესი და როდრიგესიც მხიარულად ატარებენ დროს ერთმანეთის შვილებთან ერთად: „ყველა კარანტინშია და მსოფლიო თავდაყირა დადგა. ჩვენც შინ ვართ და გვიწევს გავაკეთოთ ლიმონათი არსებული ლიმონისგან. უნდა ვიპოვოთ გზები, ვფოკუსირდეთ და შინიდან ვიმუშაოთ. ასევე ვიპოვოთ ხერხები სულიერი ამაღლებისთვის“, − განაცხადა ჯენიფერმა. ისინი მართლაც პოულობენ გართობის გზებს: ერთვებიან წყვილების გამოწვევაში, ბავშვებთან ერთად თამაშობენ ბეისბოლსა და ხელბურთს, და სახალისო ვიდეოებს დგამენ. როდრიგესი მის მიმდევრებს შთააგონებს სოციალური დისტანციის პერიოდში დრო თვითგანვითარებისთვის გამოიყენონ: „იცით, შექსპირმა რა ქნა კარანტინში შავი ჭირის დროს? − „მეფე ლირი“ დაწერა. შეგიძლიათ დროს უფლება მისცეთ უბრალოდ გავიდეს, მაგრამ შეგიძლიათ დაიჭიროთ წამი და იმუშაოთ საკუთარ თავზე, უყუროთ ვიდეოებს და გახდეთ უკეთესი პიროვნება, ან უბრალოდ, კონკრეტულ საქმეში უკეთესად დახელოვნდეთ. მე დროს ოთხ ძლიერ ქალთან ერთად ვატარებ და ბედნიერი ვარ. დავაფასოთ ოჯახი“, − წერს ალექსი.
დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი
ბელას და ჯიჯის უმცროსი ძმა ცნობილ შემსრულებელთან, დუა ლიპასთან ერთად ცხოვრობს: „ღმერთო ჩემო, ამ დროის განმავლობაში იმდენ შოუს ვუყურე, მაგალითად: „ოზარკს“, „ერთ ღამეს“, „უცხოს“, „მოსამსახურეს“... მათ ეს პერიოდი გადამატანინეს“, − აცხადებს მომღერალი. პოპულარული ფილმებისა და სერიალების ნახვის გარდა, წყვილი დროს სამზარულოში, ახალი რეცეპტების გამოყენებით და ექსპერიმენტებით ატარებს: „ანვარს ვუთხარი, მოდი, რაიმე განსხვავებული და ახალი ვცადოთ და არა ის, რასაც მიჩვეულები ვართ. ასე უფრო მეტად ვხალისობთ, ვიგონებთ და სიამოვნებას ვიღებთ იმის კეთებით, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია“.
კულინარიითა და ერთმანეთისთვის თმის შეღებვით გართობის მიუხედავად, ოჯახი ორივეს ძალიან ენატრება და იმედი აქვთ, საყვარელ ადამიანებს მალე მოინახულებენ: „ამ ეტაპზე ვცდილობთ ნათელი მხარე დავინახოთ და ეს ზედმეტი თავისუფალი დრო გამოვიყენოთ“, − აცხადებს დუა.
კამერონ დიასი
კამერონი პირველად დედა ამ წლის იანვარში გახდა და იზოლაციის გემოც ნაადრევად გაიგო: „უკვე დიდი ხანია იზოლაციაში ვარ, რადგანაც სამი თვის ჩვილი მყავს“, − იხუმრა მსახიობმა. ის ლოს-ანჯელესში ოჯახთან ერთად იმყოფება და ბევრ ცხოველს პატრონობს, რომელთა მოვლაზეც მისი თქმით დიდი დრო იხარჯება. დედობა კი ძალიან მოსწონს: „ჩემი ქმარი თავდაუზოგავად მეხმარება. საღამოობით პატარას დასაძინებლად ყოველთვის ის აწესრიგებს. ძალიან გამიმართლა, რომ მზრუნველი მამაა“.
ელენ დეჯენერესი
ელენმა კოლეგების მსგავსად შოუს ჩაწერა შინიდან გადაწყვიტა. ის გულშემატკივრებს სახალისო ვიდეოებით საკუთარი მისაღები ოთახიდან ანებივრებს. ამასთან, დეჯენერესი ხშირად ურეკავს ცნობილ ადამიანებს და მათთან საუბრის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს. ელენი საკუთარ თავს სხვადასხვა გამოწვევას უსახავს: მაგალითად, 4000 ნაწილისგან შემდგარი ფაზლის აწყობას და ფოკუსების შესწავლას.