წარმატებულები, მომხიბვლელები და ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებულები. 20 წელი ერთად ყოფნის შემდეგაც კი ვიქტორია და დევიდი მუდამ რწმენას გვაძლევენ, რომ სიყვარული ოჯახში წლიდან წლამდე ძლიერდება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, მანჩესტერი-შეფილდის მატჩის შემდეგ, ვიქტორია და დევიდი ერთმანეთს ბარში შეხვდნენ. „მორცხვი ვიყავი და მისი გაცნობის წინ ვნერვიულობდი. უბრალოდ თავს ვუქნევდი დახლის მეორე მხრიდან. მას შემდეგ, რაც გამიღიმა, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“, − იხსენებს დევიდი. „ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“, − ამატებს ვიქტორია.
მალე მათი რომანი ტაბლოიდებისა და ჟურნალების მთავარ მასალად იქცა. პრესა დეტალებში ცდილობდა ყველაფრის აღწერას. 1999 წელს, უფროსი ვაჟიშვილის, ბრუკლინის გაჩენის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა. მას შემდეგ, უკან არასდროს იხევენ. ჰოლივუდის ეს საკულტო წყვილი მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს. მათ 4 შვილი ჰყავთ: 20 წლის ბრუკლინი, 17 წლის რომეო, 14 წლის კრუზი და 8 წლის ჰარპერი.
„ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ერთად ვიზრდებით. ბავშვები ჩვენი პრიორიტეტები არიან. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ გარშემო ბრუნავს. ორივე ბევრს ვმუშაობთ და გვიყვარს, რასაც პროფესიულ სარბიელზე ვქმნით“, − ამბობს დიზაინერი. ეს მხარდაჭერა მოდის კვირეულის ყოველ სეზონზე გამოიხატება, სადაც ვიქტორიას ახალი კოლექციის შოუზე, პირველ რიგებში მთელი მისი ოჯახია წარმოდგენილი. ჩვენების ბოლოს ყოფილი მომღერალი თითოეულ მათგანთან მიდის და მადლობას საჯაროდ უხდის.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ერთმანეთის მოსმენა ძალიან უყვართ: „შინ დაბრუნებისას აღტაცებით მიყვება, რას აკეთებდა დღის განმავლობაში, როგორი კაბები და ჩანთები დაამზადა. მე ჩემს მოსაწყენ ამბებს მოვუყვები, მაგრამ ერთმანეთის მოსმენა ძალიან გვიყვარს. კვირაში ერთხელ ვცდილობთ მხოლოდ ჩვენ ორნი სადმე გავიდეთ და მშვიდად ვისადილოთ“, − აცხადებს ყოფილი ფეხბურთელი.
ვიქტორიას აზრით, ყველაზე მშვენიერი მათ ურთიერთობაში არის ის, რომ ერთმანეთთან კვლავ ძალიან ახლოს არიან: „ჩვენ განსაკუთრებული სულიერი კავშირი გვაქვს“, − ამბობს ის.
20-წლიანმა ქორწინებამ აღზევებასთან ერთად დაცემებიც განიცადა, მაგრამ წყვილი გამოწვევებს ერთად და ამაყად შეებრძოლა. ყველა ამ პერიოდმა კი ისინი უფრო მეტად გააძლიერა. მათი საჯარო გამოსვლები ყველას ყურადღებას იპყრობს, რადგანაც აშკარა „ქიმიით“ ნამდვილად გამოირჩევიან. „მან არა მხოლოდ 4 არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა, არამედ ყოველდღე ჩემი ნამდვილი ინსპირაციის წყაროა“, − ამტკიცებს ინტერვიუებში თვალებანთებული დევიდი ამაყი ღიმილით.
როცა სპორტსმენს მეუღლისთვის რაიმე კარგის გაკეთება უნდა, გემრიელ საუზმეს ან მის საყვარელ კერძს ამზადებს: ლობსტერს ან კრევეტებს გრილზე ბოსტნეულთან ერთად. „როცა ვინმე გიყვარს, გინდა გააოცო, კარგად მოექცე, გაახსენო რას გრძნობ მის მიმართ. ეს შეიძლება იყოს უიქენდი ქალაქგარეთ, გულის ფორმებად დაჭრილი ხილით სავსე ჯამი დილით და ა.შ. ვიქტორიამ იცის, რომ რომანტიკული ნატურა ვარ“.
20-წლიანი მშვენიერი თანაცხოვრება დროსთან ერთად უფრო მტკიცდება. „ერთმანეთს ყველა ადამიანზე უკეთ ვიცნობთ. ზოგი გვეკითხება: მხოლოდ იმიტომ რჩებით ერთად, რომ ბრენდი ხართ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვრჩებით ერთად იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს და 4 არაჩვეულებრივი შვილი გვყავს. გვაქვს თუ არა რთული პერიოდები? რა თქმა უნდა. ეს ურთიერთობის ნაწილია. ქორწინების ნაწილი. ბავშვების ყოლის ნაწილი. შესაძლებლობების ფლობის ნაწილი“, − ყვება დევიდი.
რთულმა ფაზებმა ბედნიერი პერიოდები წყვილისთვის უფრო დასამახსოვრებელი გახადა. „მაშინაც კი, თუ ერთნაირი რაღაცები არ გვსურს, ერთმანეთს მხარს მაინც ვუჭერთ, ერთად ვიზრდებით. ეს ამად ღირს. დევიდი ფანტასტიკური მამაა და ყველას შთაგვაგონებს. ის შრომისმოყვარეა. იღბლიანი ვარ“, − წერს ვიქტორია.
დევიდ ბექჰემი ცოლის საყვარელი სილამაზის ხაზის მომხმარებელიცაა. „მე და დევიდს კანის მოვლის ერთნაირი რუტინა გვაქვს. ბექჰემები ერთსა და იმავე სახის ნიღბებს ვიკეთებთ და დასაძინებლად ისე ვწვებით. ის ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ეფექტურია და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა განკუთვნილი“, − აცხადებს დიზაინერი.
წყვილს ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომა და აღზრდის წესი აკავშირებს. „როგორც მშობლებს, პასუხისმგებლობა გვაქვს ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებისას. ჩვენ მათთან ძალიან ახლოს ვართ. საუბარი მნიშვნელოვანია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ძლიერი და კარგი ადამიანები იზრდებიან. მათ ყოველთვის ვაჩვენებთ მაგალითს ჩვენი ქცევებით, მათზე და სხვებზე ზრუნვით. თუმცა, ძალიან მკაცრი მშობლები ვართ. მშობლებმა შვილებს მანერები და ეთიკური საზღვრები უნდა შეასწავლონ. ჩვენმა შვილებმა ეს ყველაფერი ნამდვილად შეითვისეს“, − ყვება ვიქტორია.
„ყოველთვის არსებობს შიშის ფაქტორი. ბავშვის გაჩენისთანავე იწყებ ნერვიულობას მასზე. შვილები საოცარი რამეა სამყაროში, მაგრამ ისინი ჩნდებიან იქ, სადაც მათი დაცვაა საჭირო. მსურს დავიცვა ჩემი შვილები ოჯახს მიღმა“, − ამატებს დევიდი.