ანი და კოტე
ქართული OK! დეკემბრის თვის გამოცემის მთავარ გმირებად თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ვარსკვლავურ წყვილს – მსახიობ ანი ჩირაძეს და შეფმზარეულ კონსტანტინე თედელურს წარმოგიდგენთ. რას ნიშნავს მათთვის სიყვარული, რა მიაჩნიათ ჰარმონიული ცხოვრების მთავარ ატრიბუტად და რას ამზადებს შეფი კონსტანტინე თედელური ყოველ ახალ წელს – წაიკითხეთ წყვილთან OK!-ის საინტერესო ინტერვიუში.
კოტე, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
(კოტე): ერთ სახლში, ერთ საღამოს.
როდის გაჩნდა პირველი „ქიმია“ და როგორ განვითარდა თქვენი ისტორია?
(კოტე): პირველი „ქიმია“? ალბათ, როცა შეიგნეს, როგორც მეცნიერება. ისტორია დღესაც ვითარდება.
(ანი): „ქიმია“, როგორც მეცნიერება? ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3-მე-4 საუკუნეებში გაჩნდა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონის გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად, „ისტორია“ კი მუდამ განვითარდება.
დაახასიათეთ ერთმანეთი.
(ანი): კოტე კარგი ბიჭია.
(კოტე): თბილია, ერთია.
ახსენით, რა არის სიყვარული?
(კოტე): სუნთქვა, სიახლოვე, ემოცია, სიჩქარე, სისველე, სიცხე.
(ანი): ეს რომ ავხსნა, მაშინ მომეცით ჯილდო სამყაროსგან.
ანი, რომელი სიტყვაა „კოტე“?
სიტყვა არა, სიტყვები ცოტაა კოტეს „ასახსნელად“.
კოტე, თქვენთვის რომელი სიტყვაა „ანი“?
ჩემი.
როგორ ფიქრობთ, რაშია ადამიანების ჰარმონიული ცხოვრების გასაღები? რა ქმნის ჰარმონიას?
(ანი): „ჰარმონიის გასაღები“ არ არსებობს. ალბათ, არის უბრალოდ გამართლება და ბედნიერება, როცა შენს ცხოვრებაში გაჩნდება ადამიანი აბსოლუტურად იდენტური გემოვნებით, ფიქრით, სურვილებით და ხარისხით. ბედნიერი ვარ მე.
(კოტე): უპირველესად, ურთიერთპატივისცემა, შემდეგ მოყვება რიგი აზრისა, თუ როგორ უნდა ისაუბროთ ერთად, განიხილოთ ერთმანეთი და მიხვიდეთ კონსენსუსამდე.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
(კოტე): თითქმის საერთოდ არ გვაქვს. თუ გვაქვს – შინ, ერთმანეთთან.
(ანი): გადასარევად – თავისუფლებიც და დაკავებულებიც.
განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ, რომელიც მხოლოდ თქვენ ორს გიკავშირდებათ?
(კოტე): ეს ჩვენი ორისაა.
(ანი): რაც ჩვენ ორს გვიკავშირდება, ალბათ, არასწორი იქნება, მხოლოდ ჩვენ ორს აღარ დაგვიკავშირდეს.
ახალი წელი მოდის. რას ნიშნავს ეს დღესასწაული თქვენთვის და როგორ აპირებთ წელს გაატაროთ?
(ანი): ქრისტეს შობიდან 2020 წელს.
(კოტე): ახალი წელი, წლის თვის პირველი დღის დასაწყისია. ემოციური, დაღლილი, სავსე და ნასვამია ეს კვირეული. ალბათ, წელსაც ასეთივე იქნება, თუ „მზე“ იქნება.
კოტე, რომელ კერძს ამზადებთ ხოლმე აუცილებლად ახალ წელს?
გოზინაყს და ფელამუშს, თუ კერძებად მივიჩნევთ. ბაჟე და ნიგვზიანი ბადრიჯანიც იქვე უნდა ითქვას.
ანი, თქვენ თუ გამოგდით სამზარეულოში ფუსფუსი?
გამომდის, მაგრამ ორი ადამიანი ოჯახიდან სამზარეულოში, მე მგონი ცოტა ზედმეტია.
ცხოვრებისეული პრინციპი, რომელსაც არასოდეს ცვლით და ყოველთვის იცავთ.
(ანი): ბევრია ასეთი.
(კოტე): მივდივარ პირდაპირ, ვამბობ პირდაპირ. რაც მომწონს ჩემია, რაც არა, არ მესმის.