ქენდალ ჯენერი ბოლო წლების მანძილზე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, შესაბამისად მისი პირადი ცხოვრება ყველასთვის საინტერესო და აქტუალურია. ზუსტად ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელის რჩეული ცნობილი კალათბურთელი ბენ საიმონსია. მიუხედავად იმისა, რომ სუპერმოდელი სოციალური ქსელის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაზიარებისგან ყოველთვის თავს იკავებდა, პაპარაცების დამსახურებით საზოგადოება მათ ერთობლივ ფოტოებს მაინც ხედავდა. მაგრამ ამიერიდან ქენდალსა და ბენს ერთად ვეღარ ვიხილავთ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქენდალი და ბენი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ქენდალს, ისევე როგორც ბენს, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და ცხოვრების სტილი აქვთ, ისინი ერთად დიდ დროს ვერ ატარებდნენ. თუმცა 2018 წლის ზაფხულში როგორც ცნობილია წყვილი განუყოფელი იყო და ქლოისთან და მის (ამჟამად უკვე ყოფილ) მეორე ნახევართან, ტრისტან თომფსონთან ერთად მექსიკაშიც დაისვენა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქენდალი ხშირად ესწრებოდა ბენის საკალათბურთო მატჩებს და ერთ-ერთ თამაშზე დედამისთან ერთადაც კი შენიშნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქენდალს თავის რჩეულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ურთიერთობის ოფიციალური სახის მიცემაზე მისი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის ყოველთვის ცნობილი იყო. ამაზე ქენდალის მიერ სულ ცოტა ხნის წინ ხუმრობით გაზიარებული ფოტოც მეტყველებს, სადაც ის თავისი დებისგან, როგორც ყოველთვის განსხვავდება, რადგან არც გათხოვილია და არც შვილები ჰყავს.
გარდა ამისა, 23 წლის სუპერმოდელი ავსტრალიური Vogue-ის ივნისის ნომრის ყდაზე მოხვდა და ჟურნალს ინტერვიუც მისცა, რომლის ერთ-ერთი კითხვაც სწორედ პირად ცხოვრებას, უფრო კონკრეტულად კი დაქორწინებას ეხებოდა, რომლის პასუხმაც ქენდალის ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი: "შეიძლება. ახლა ნამდვილად არა, მაგრამ ოდესმე ალბათ კი".
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეყვარებულთან დაშორებისა ქენდალი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს და საქმიანი ვიზიტით კანსაც ესტუმრა.
სუპერმოდელმა H&M-სა და Giambattista Valli-ს ერთობლივი ჩვენება გახსნა, მოგვიანებით კი amfAR-ის ღონისძიებასაც დაესწრო.