ცნობილი სატელევიზიო სერიალის გმირს - კიმ კარდაშიანსა და ამერიკელ რეპერ კანიე უესტს 10 მაისს მეოთხე შვილი შეეძინათ. წყვილის მეოთხე შვილი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა და კიმის, კანიეს, ნორთის, ჩიკაგოსა და სეინტის დიდ ოჯახს შეუერთდა. რაღა თქმა უნდა, საზოგადოებას და განსაკუთრებით პოპულარული წყვილის გულშემატკივრებს ახალშობილის სახელი ძალიან აინტერესებდათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ კიმისა და კანიეს შვილების ორიგინალური სახელებიც გახდა. ამ დრომდე მხოლოდ გულშემატკივრების მიერ გამოცნობილი სახელების ვარიაციები არსებობდა, თუმცა კიმმა სოციალური ქსელის მეშვეობით ბავშვის პირველი ფოტო და სახელი საბოლოოდ გაგვიზიარა!
კიმ კარდაშიანმა სრულიად მსოფლიოს, მეგობრებს და მის გულშემატკივრებს Twitter-ისა და Instagram-ის მეშვეობით მეოთხე შვილის პირველი ფოტო და სახელი გაუზიარა. ვარსკვლავური წყვილის ახალშობილი ვაჟი ფსალმ უესტია!
კიმის მიერ ატვირთულ ფოტოში მისი და კანიეს მიმოწერაა, რომელშიც მეუღლე მას ფსალმის ფოტოს უგზავნის და მასთან ერთად თბილ ტექსტს სწერს:"ლამაზი დედის დღე. ჩვენი მეოთხე შვილის დაბადებასთან ერთად. ჩვენ უსაზღვროდ გაგვიმართლა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს რაც კი გვჭირდება".
როგორც ჩანს, კანიემ მეუღლეს ეს ფოტო და შეტყობინება 12 მაისს, ფსალმის დაბადებიდან 2 დღეში გაუგზავნა, რომელიც ამერიკაში დედის დღედ ითვლება.